რობოტი თევზი, სახელად გილბერტი Natural Robotics Contest კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
გილბერტმა დიდი ბრიტანეთის სურეის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტი სურეის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტს, ელეონორ მაკინტოშის ეკუთვნის: გამოგონება წყლის მიკრო-პლასტმასის ნაწილაკებისგან გასათავისუფლებლად შეიქმნა. გამარჯვებული პროექტის მიხედვით რეალურ პროტოტიპს შექმნიან.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე რობოტები, ცხოველების ან მცენარეების მიხედვით იყვნენ შექმნილი. მთავარი მიზანი მსოფლიოსთვის სასარგებლო რობოტის მიღება იყო, რომელიც თავისი შესაძლებლობით გარემოს დაეხმარება.
ორაგულის ზომის რობოტი ფართოდ გაღებული პირით წყალში ცურავს და შიდა ღრუში წყალთან ერთად მიკრო-პლასტმასს აგროვებს. როგორც კი ღრუ გაივსება, რობოტი პირს ხურავს. სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, წყალს გამოსვლის საშუალებას აძლევს, პლასტმასის ნაწილაკებს კი იჭერს. 50 სმ სიგრძის რობოტ თევზს 2 მილიმეტრამდე ნაწილაკების შეგროვებაც შეუძლია.
იგი აღჭურვილია სენსორებით, რათა მღვრიე წყალშიც შეინარჩუნოს ხილვადობა.


“წყლის დაბინძურება, განსაკუთრებით პლასტმასის მიერ, მსოფლიოს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. არა მხოლოდ ოკეანე ზარალდება, არამედ მდინარეები, არხები, ტბები. ჩემი კონცეფცია უნივერსალურია – სწორედ წყალში მყოფ არსებას შეუძლია ამ პრობლემის უკეთ მოგვარება.” – აცხადებს პროექტის ავტორი ელეონორ მაკინტოში.
რობოტის მომავალ ვერსიებს გაცილებით პატარა ნაწილაკების შეგროვება შეეძლებათ. გაუმჯობესებული ვერსია გულისხმობს სხეულის უფრო სწრაფ და ჰიდროდინამიურ ფორმას, მძლავრ კუდს და ავტონომიურად ცურვის უნარს, რადგან ამჟამინდელი რობოტის პროტოტიპი დისტანციური მართვის საშუალებით იმართება.

წინა სტატიაiPhone 14 შეცდომით ცნობს მგზავრობას, როგორც უბედურ შემთხვევას და რეკავს 911-ზე
შემდეგი სტატიაWhatsApp-ის მუშაობა აღდგა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი