პირველი საცხენოსნო პლატფორმა “ჰორსტურსი” (Horsetours) უკვე ერთი წელია რაც არსებობს. 2021 წელს შექმნილი სტარტაპი მსურველებს საქართველოს მასშტაბით წლის ნებისმიერ დროს საცხენოსნო ტურებს სთავაზობს. პლატფორმა საცხენოსნო ეკოტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.
ნავიგატორი “ჰორსტურსის” თანადამფუძნებელს, ანა ნადირაძეს ესაუბრა, რომელიც Visa-სა და ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ბიზნესკონკურსის გამარჯვებული გახდა და სტარტაპის განსავითარებლად ფულადი ჯილდო მოიპოვა.

რას გულისხმობს ბიზნესკონკურსი და გქონდათ თუ არა გამარჯვების მოლოდინი?

– Visa-ს და „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით პროექტი განხორციელდა, რომელიც ქალი მეწარმეების განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს. კონკურსის ფარგლებში 1000ზე მეტი განაცხადი შევიდა. საწყის ეტაპზე 10 საუკეთესო სტარტაპი შეირჩა. აქედან 2 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველ ადგილზე გავედი და 25 000 დაფინანსება მოვიპოვე.
ბუნებრივია, გამარჯვების მოლოდინი მქონდა, ვინაიდან 10 საუკეთესო სტარტაპში მოვხვდი, ესეიგი რაღაცით დავაინტერესეთ. ჩვენს სტარტაპზე საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ და მუდმივად ვანვითარებთ. ვცდილობთ მომხმარებელს ბევრი სიახლე და მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ.


როგორ დაიბადა საცხენოსნო პლატფორმის შექმნის იდეა და რას საქმიანობს Horsetours?

– Horsetours საცხენოსნო პლატფორმა ერთი წლის წინ შეიქმნა, რომელიც საცხენოსნო გამყოლებს, რანჩოებსა და მეცხენეებს ერთიან სივრცეში აერთიანებს.
მომხმარებელს საქართველოს გარშემო მრავალფეროვან საცხენოსნო ტურებს ვთავაზობთ, ყველა დონის მხედრისთვის. ამასთანავე, ციფრულ ვიდეო მარშუტებს ვაკეთებთ. ამ დროისთვის გაციფრულებული გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონი. გვაქვს მრავალფეროვანი ტურები: პანკისში, თუშეთში, ვაშლოვანში, ლაგოდეხში, თავისი ციფრული ვიდეო მარშრუტებით. ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ გავაციფრულოთ დასავლეთ საქართველო, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის გაციფრულების საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს.

იდეა ერთი წლის წინ დაიბადა, როცა ტრანსკავკასიური მარშრუტის გავლის დროს, ჰორსტურსის თანადამფუძნებელმა ლაშა გაგოიძემ, გერმანელ და შვეცარიელ ცხენოსნებთან ერთად 1000 კილომეტრიანი ბილიკი გაიარა და კახეთიდან სვანეთამდე ერთი თვის განმავლობაში იმოგზაურეს. იგოეთიდან გორამდე დამგზავრებისას ლაშამ სტარტაპ იდეა გამაცნო, რომლის შემდგომაც იდეაზე მუშაობა დავიწყეთ.

საცხენოსნო ტურის დასაგეგმად აუცილებელია თუ არა ცხენზე ჯირითის გამოცდილება ?
– ტურებს შეკვეთის მიხედვით ვგეგმავთ. როცა შეკვეთა მოდის, ამის შემდეგ დაგეგმვას ვიწყებთ. ცხენზე ჯდომის გამოცდილება სავალდებულო არ არის. ჩვენი ტურები მორგებულია როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ მხედრებზე, მაგალითად გვქონდა ტური, სადაც სრულიად დამწყები მხედრები გვყვადა, ცხენზე პირველად ისხდნენ. პირველივე ჯერზე გამოუვიდათ ცხენზე ჯდომა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– მოკლევადიანი გეგმებით, დასავლეთ საქართველოს ათვისება გვინდა. ხოლო ერთი წლის განმავლობაში, მთლიანად საქართველოს საცხენონსო ტურიზმის პოტენციალის ათვისებას და გაციფრულებას ვაპირებთ.
შემდგომ ეტაპზე უკვე აზერბაიჯანის და თურქეთის საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალის ათვისებას ვფიქრობთ, რადგან მათ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ.
საბოლოოდ კი გვინდა, რომ ჩვენი პლატფორმა საერთაშორისო დონის გახდეს, სადაც საცხენოსნო ტურები გაიყიდება.
არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთი პლატფორმა არსებობს ჩვენი მსგავსი. ეს არის გერმანიაში, სადაც მომხმარებლებს საცხენოსნო ტურებს სთავაზობენ.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველო პოზიციონირდეს როგორც საცხენოსნო ტურიზმის მიმართულება რეგიონში, რადგან ამის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს.

საცხენოსნო პლატფრომა ჰორსტურსმა დაფინანსება სტარტაპ პრე-აქსელატორის ფარგლებშიც მოიპოვა. 2022 წლის გაზაფხულზე სტარტაპმა 30 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო. ჰორსტურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში საცხენოსნო ტურიზმის გაციფრულებაა.

წინა სტატიაყველაზე პატარა ზომის მუშა ტელევიზორი შეიქმნა
შემდეგი სტატიაპატარა მაშველი რობოტები DARPA-სგან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი