გარემოს დაცვის პრობლემები თანამედროვე სამყაროსთვის კარგად ნაცნობი საკითხია. მწვანე სოციალური საწარმო “ტენეს” მიზანი სწორედ გარემოს დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კომპანია “ჯინვენტორმა” საწარმო 2019 წელს შექმნა, მისი საქმიანობა პლასტმასის ნარჩენების ფიზიკურად შემცირებას უწყობს ხელს. “ტენე” მომხმარებელს მეორადი ნარჩენებისგან დამზადებულ USB კაბელებს სთავაზობს. ეს არის მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელები, რომლებიც ერთჯერადი მოხმარების, მეორადი პლასტმასით მიიღება.
საწარმო აქტიურად ვითარდება და გარემოს დაბინძურებასაც აქტიურად ებრძის. როგორც “ტენეს” დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი განმარტავს, ეკოლოგიური სოციალური საწარმოს მთავარი მოტივაცია საქართველოში მიკრო ენერგეტიკის წარმოების სფეროს განვითარება და ამასთანავე, ხარისხიანი ქართული პროდუქტის შექმნაა.
“ტენეს” ქარხანა წეროვნის კომპაქტურ დასახლებაში მდებარეობს, დასაქმებულთა უმრავლესობა კი იძულებით გადაადგილებული პირები არიან.
სოციალური საწარმო 2021 წელს საქართველოს ბანკის” საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ბანკის მხარდაჭერით კომპანიამ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა შეძლო. წელს კი “ტენე” “წლის სოციალური საწარმო 2022”-ის გამარჯვებული გახდა.
“ნავიგატორთან” საუბრისას სანდრო ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ღონისძიებებში გამარჯვება კომპანიას საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში ეხმარება.
“საქართველოში USB კაბელები ისედაც ჩამოგვქონდა, იმპორტს ვახდენდით. გადავწყვიტეთ, რომ პროდუქტის წარმოება ჩვენ თვითონ დაგვეწყო. თუმცა წარმოების ტექნოლოგიის დეტალურად გაცნობის შემდეგ მივხვდით, პროდუქტის შესაქმნელად გამოყენებული პლასტმასა გარემოს დააბინძურებდა. გარემოს ზიანის შემსუბუქების მიზნით, გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩვენს წარმოებაში უკვე გამოყენებული პლასტმასის მოხმარება დავიწყეთ.
ყველაფრის თავიდან შესწავლა მომიხდა, რადგან შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა. სხვადასხვა ცდებით და შეცდომებით ვისწავლე.
როგორ ხდება პლასტმასის შეგროვება?
– USB-ის წარმოების პროცესში ერთჯერადი მოხმარების მეორადი პლასტმასა გამოიყენება, რომელსაც მოსახლეობისგან ვაგროვებთ. გვაქვს სპეციალური მწვანე ურნები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე დგას. მასში მხოლოდ პლასტმასა უნდა ჩაიყაროს.
ასევე, მოხალისე, რომელიც 200 ბოთლს და თავსახურს მოგვიტანს, ეკომეგობრულ USB კაბელს მიიღებს. ამ ორი წლის განმავლობაში უკვე მილიონამდე ბოთლი შევაგროვეთ. ბოთლის თავსახურებს ვაქუცმაცებთ და ვადნობთ. გადადნობის შედეგად კი USB კაბელს ვამზადებთ.

მომავალი წლიდან “ტენეს” ინიციატივით, თბილისში “უკუ-ვენდინგ” აპარატის დადგმა იგეგემება. რას გულისხმობს აღნიშნული სიახლე და რა სარგებელი ექნება მას?
– თბილისში პირველი ქართული უკუ-ვენდინგ აპარატი დაიდგმება. ამის მეშვეობით, პლასტმასის ბოთლების შეგროვება მოხდება, რაც გარემოზე ზიანს შეამცირებს. მოქალაქეები გამოყენებულ ბოთლებს ჩააბარებენ, სანაცვლოდ კი დაგროვების ბარათზე ავტომატურად ქულები დაერიცხებათ. ამ ქულებით “ტენეს” და “ჯინვენტორის” პროდუქციას ნახევარ ფასში შეიძენენ. ასევე ჩაბარების მომენტში ტელეფონს დატენიან და ნახევარი საათის განმავლობაში მათთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება.
აპარატი ხალხმრავალ ადგილებში, სავაჭრო ობიექტებში განთავსდება. დაიდგმება ჯინვნეტორის ოფისშიც, ასევე მზიურის სოციალურ კაფეში.
მისი ანალოგი, რაც ბოთლის ჩაბარებას და ქულის დარიცხვას გულისხმობს, სხვა ქვეყნებში უკვე არსებობს, თუმცა ინტერნეტის მიღება და ტელეფონის დატენვა ინოვაციურია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– უახლოეს მომავალში პლასტმასას ბოთლისგან ქართული ძაფის დამზადებას ვაპირებთ. ასევე გადამუშავებული პლასტმასასგან სამშენებლო ბლოკებს დავამზადებთ.

აღსანიშნავია, რომ საწარმომ, სწორედ მისი სოციალური აქტივობების გამო მიიქცია უამრავი ადამიანის ყურადღება. დამზადებული USB კაბელები საკმაოდ გამძლეა და არ წყდება. “ტენეს” პროდუქტს 1 წლიანი გარანტია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენის შემდეგ, გაფუჭების შემთხვევაში, კომპანია მას მომხმარებელს უპირობოდ შეუცვლის. კაბელის ყიდვა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიებშია შესაძლებელი.

წინა სტატიაApple-ს iOS-ის მომხმარებლების ჯაშუშობისთვის უჩივიან. კომპანია სრულ კონფიდენციალურობას დაჰპირდა
შემდეგი სტატიაღვინის საცალო გაყიდვების და პრომოუშენის უნიკალური აპარატები – 16 წლის ნიკოლოზ დვალის პროექტი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი