ნიკოლოზ დვალი 16 წლის სკოლის მოსწავლეა, რომელიც პროგრამირებით და ელექტრო ინჟინერიით დიდი ხანია დაინტერესდა. პატარა ასაკიდანვე მიღებული ცოდნა საკუთარი იდეების რეალობად ქცევაში ეხმარება. მან ერთი წლის წინ კომპანია “Dvalder” შექმნა, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს.
ნიკოლოზი ტექნოპარკის ჰაკათონებსა და კონკურსებში აქტიურად მონაწილეობს. ღვინის საცალო გაყიდვების და პრომოუშენის აპარატები “Dvalder”-ის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია, რომელმაც ჯიტას ორგანიზებულ პროექტში Hardware Startup ინკუბატორში გაიმარჯვა. კომპანიამ ღონისძიებაზე ორი სახის სტენდი წარმოადგინა, ერთი ქვევრის, ხოლო მეორე კი ბოთლის ფორმის. ქვევრის ფორმის პროტოტიპი, პირველად “ღVINOთონზე” დამზადდა, ბოთლის ფორმით კი Hardware Startup ინკუბატორის ფარგლებში დამზადებული პროტოტიპია.

“პროგრამირებით და ელექტრო ინჟინერიით ბავშვობიდან დავინტერესდი. წინა ზაფხულს კომპანია “Dvalder” შევქმენი. მისი სახელის ქვეშ გავაერთიანე პროექტები, რასაც სხვადასხვა აქტივობებში ჩართვამდე ვაწყობდი და ვაკეთებდი, ახლა უკვე კონკურსებშიც “Dvalder-ის” სახელით ვმონაწილეობ.
ღვინის საცალო გაყიდვების პროექტი “Dvalder”-ის მიერ განხორიელებული ერთ-ერთი პროექტია, რომელმაც Hardware Startup ინკუბატორში გამარჯვება მოიპოვა.
რას გულისხმობს აღნიშნული პროექტი და როგორ მუშაობს სტენდები?
– ეს არის ბაზარზე უნიკალური და განსხვავებული ფორმით გაყიდვის მეთოდი. მოწყობილობაში ინტეგრირებულია ვიდეო-აუდიო მასალა სარეკლამო კონტენტისთვის, ასევე ღვინის სადეგუსტაციო და საცალო გაყიდვების სისტემა.
სტენდი მომხმარებლის ყურადღებას აუდიო შეტყობინების მეშვეობით მიიქცევს. სტენდთან მისული დაინტერესებული ადამიანი მონიტორზე თითის დაჭერით სარეკლამო, ინფორმაციულ ვიდეო რგოლს გაეცნობა, რომლებიც კომპანიების მიერ თავიდანვე მომზადდება და აიტვირთება.
ვიდეოს დასრულების შემდეგ, ეკრანზე კითხვები გამოჩნდება. სწორი პასუხის გაცემის შემდეგ, მომხმარებელი ღვინის უფასო დეგუსტაციას შეძლებს. ამის გარდა, დამატებით, სურვილის შემთხვევაში, უშუალოდ სტენდიდან შესაძლებელი იქნება პროდუქციის შეძენა.
ამ ეტაპზე, მხოლოდ პროტიოტიპები გვაქვს. სამომავლო გეგმებით და მოპოვებული გრანტით მინდა, რომ დასრულებული ვერსია გავამზადო, რომელიც ბაზარზე აქტიურად გავა. პროექტის საბოლოო ვერსიის მისაღებად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. საბოლოო ვერსიის შექმნა მაქსიმალურად მოკლე დროში მინდა.
მოწყობილობა აერთიანებს როგორც ჰარდვეარს, ასევე სოფთვეარს. მოსამზადებელია მომხმარებელზე მორგებული ვებ აპლიკაცია. ამის გარდა, მოსაფიქრებელია თითოეული უნიკალური მექანიზმი, რომელიც პროექტში უნდა გამოვიყენოთ.
აღნიშნული აპარატის ანალოგი სხვაგან თუ არსებობს?
– ჩინეთში მსგავსი ორი კომპანია არსებობს, რომლებიც შეიძლება ჩვენს კონკურენტებად ჩავთვალოთ. ისინი სხვადასხვა სახის ჩამომგდებ აპარატებს აწარმოებენ. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული ფორმის და ზომის აპარატები, რომლებიც ეკრანით არის აღჭურვილი. ფასი ძალიან მაღალია და მომხმარებელზე მორგებული არ არის.
ჩვენს შემთხვევაში, ეს სერვისი კომპანიას ერგება, რომელიც ამ სტენდებს შეუკვეთავს. კონკურენტებისგან განსხვავებით, ჩვენი აპარატები შედარებით დავხეწილი, განსხვავებული, მომხმარებელზე მორგებული და ხელმისაწვდომია. ღვინის კომპანიებს სტენდების დაქირავების სერვისს ვთავაზობთ, რაც თავის მხრივ, ფასებს დაბლა წევს და ხელმისაწვდომობას ზრდის. ასევე ჩვენი სადეგუსტაციო სისტემა ინტეგრირებული გვაქვს, რაც მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას უადვილებს.
რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას?
– “Dvalder” სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. მისი ერთ-ერთი პროექტი ჩამომგდები აპარატებია. ვგეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში დასრულებული ვერსიის შექმნა უზრუნველვყოთ.
მომავალში სხვადასხვა სახის პროექტები გვექნება, ვგეგმავთ სტენდებისა და ჭკვიანი მოწყობილობების შექმნას, რომლებსაც გავიტანთ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ.

წინა სტატიაეკომეგობრული USB დამტენები და პირველი “უკუ-ვენდინგ” აპარატი თბილისში – “ტენე” გარემოს დაბინძურებას ებრძვის
შემდეგი სტატიაApple ეძებს 3D სამყაროს შემქმნელებს და ვიდეო სერვისს თავისი მომავალი შერეული რეალობის ყურსასმენისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი