

9 მნიშვნელოვანი მომენტი Artemis II-ის ეპიკური მოგზაურობიდან
პარასკევს საღამოს, წყნარ ოკეანეში დაშვებით, Artemis II-ის მთვარის მისია დასრულდა.
ამერიკელები თვალს ადევნებდნენ ოთხი ასტრონავტის — მეთაურ რიდ ვაისმენის, პილოტ ვიქტორ გლოვერის და მისიის სპეციალისტების, კრისტინა კოხისა და ჯერემი ჰანსენის — პროგრესს, როდესაც ისინი მთვარეს წრეს უვლიდნენ და კოსმოსში იმაზე ღრმად შევიდნენ, ვიდრე ოდესმე.
გთავაზობთ ამ გარდამტეხი მოგზაურობის ცხრა მნიშვნელოვან მომენტს.
1. Artemis II-ის მისიის გაშვება ფლორიდიდან
რაკეტა ოთხშაბათს, 1 აპრილს, ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან, აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე აფრინდა. შთამბეჭდავი გაშვება იყო პირველი პილოტირებული გაფრენა მთვარისკენ აპოლოს პროგრამის დასრულებიდან 53 წლის შემდეგ.
Orion-ის კაფსულას და NASA-ს კოსმოსური გაშვების სისტემის (SLS) რაკეტას მანამდე ადამიანებთან ერთად არასდროს ეფრინათ და მხოლოდ ერთი უპილოტო სატესტო ფრენა ჰქონდათ შესრულებული. მიუხედავად ამისა, გაშვება იდეალურად წარიმართა.

2. Orion-ის ეკიპაჟი პირველ დღეს კოსმოსში ატარებს

ეკიპაჟმა დატვირთული პირველი დღე გააღვიძა და დაახლოებით 24 საათი დედამიწის ორბიტაზე გაატარა. მათ Orion-ის კაფსულა სხვადასხვა რეჟიმში შეამოწმეს, სანამ NASA მთვარისკენ გამგზავრების ნებართვას მისცემდა. გლოვერმა ასევე გამოიყენა შესაძლებლობა, რათა სამომავლო მისიების წინ კაფსულის მექანიკური მართვის სისტემა გამოეცადა.
Orion-ის კაფსულის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემის დაახლოებით 90% კოსმოსში მანამდე არასდროს გამოცდილა.
„ჩვენ ძალიან, ძალიან შორს მივდივართ. ეს ერთი 24-საათიანი ორბიტა გვაძლევს დროს, რათა შევამოწმოთ გარემოს პრობების კონტროლისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის ყველა სისტემა. … შეუძლია მას ნახშირორჟანგის გაწმენდა? შეუძლია ჩვენი გადარჩენა? შევძლებთ წყლის დალევას?“ — განუცხადა ვაისმენმა CBS News-ს გაშვებამდე. „ჩვენ უნდა შევამოწმოთ ეს ყველაფერი, სანამ მთვარისკენ გავემართებით.“
რა თქმა უნდა, მათ გამგზავრების ნებართვა მიიღეს.
3. ეკიპაჟი კაფსულიდან დედამიწის პირველ ფოტოებს აზიარებს

სანამ მსოფლიო Artemis II-ის კოსმოსურ მისიას თვალს ადევნებდა, ჩვენ, დედამიწის ზედაპირზე მყოფებმა, ვიხილეთ მთლიანი დედამიწის პირველი ფოტოები კაფსულიდან — პირველად ადამიანის თვალით დანახული ბოლო 50 წლის განმავლობაში.
3 აპრილს ვაისმენის მიერ გადაღებული ფოტო გახდა Orion-ის კაფსულიდან გამოგზავნილი დედამიწის პირველი ოფიციალური სურათი.
„გვენდეთ. თქვენ საოცრად გამოიყურებით. თქვენ მშვენიერები ხართ,“ — თქვა გლოვერმა დედამიწის ხედზე საუბრისას. „მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხართ ან როგორ გამოიყურებით. ჩვენ ყველანი ერთი ხალხი ვართ.“
ძრავების ჩართვით, კაფსულა მთვარისკენ გაიჭრა.
4. ეკიპაჟი მთვარის გარშემო მოგზაურობას ელოდება და აღდგომას აღნიშნავს

მთვარე დედამიწიდან შორს არის — დაახლოებით ოთხდღიანი გზაა — ამიტომ ეკიპაჟს საკმარისი დრო ჰქონდა დიდი მისიის მოლოდინისთვის.
„მართლაც საოცარი იყო ამ დილით გაღვიძება, ფანჯარაში გახედვა და ხომალდის წინ სავსე მთვარის დანახვა,“ — თქვა ვაისმენმა კაფსულიდან. „ეჭვგარეშეა, სად მივემართებით ახლა და მართლაც ვაფასებთ იქ გაწეულ მთელ შრომას.“
ეკიპაჟმა შეძლო კვირას აღდგომა ეზეიმა, სანამ მთვარის შორეულ მხარეს შემოუვლიდნენ. მათ ასევე აღნიშნეს ჰანსენის მიერ ასტრონავტის ოქროს ფრთების მიღება მის პირველ კოსმოსურ მოგზაურობაში.
CBS News ეკიპაჟს დედამიწიდან დაახლოებით 180,000 მილის დაშორებით ესაუბრა.
„ჩვენ თვალს ვადევნებდით შორეულ მხარეს, იმ მხარეს, რომელსაც დედამიწიდან ვერასდროს დაინახავთ,“ — თქვა ვაისმენმა. „ფანჯრიდან ის სულ სხვანაირად ჩანდა და ეს არაჩვეულებრივია. ამან მართლაც დაგვანახვა ჩვენი ადგილი სამყაროში.“
5. ეკიპაჟმა მთვარის კრატერს ვაისმენის გარდაცვლილი მეუღლის სახელი უწოდა

ემოციური პატივისცემის ნიშნად, ჰანსენმა თქვა, რომ მან და მისმა კოლეგებმა, კოხმა და გლოვერმა, გადაწყვიტეს მთვარის ერთ-ერთი კრატერისთვის „კეროლი“ (Carroll) ეწოდებინათ — მეთაურ ვაისმენის მეუღლის პატივსაცემად, რომელიც 2020 წელს კიბოთი გარდაიცვალა. ჩანდა, როგორ იწმენდნენ ცრემლებს ჰანსენის მეგობრები, როდესაც ის ამ მიძღვნას აქვეყნებდა.
„ეს მთვარეზე ერთი ნათელი წერტილია და გვსურს მას კეროლი ვუწოდოთ,“ — თქვა ჰანსენმა. მოგვიანებით ვაისმენმა აღნიშნა, რომ ეს მისიის ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
მან თქვა, რომ მისმა მეგობრებმა ეს იდეა მაშინ შესთავაზეს, როდესაც გაშვებამდე რამდენიმე დღით ადრე სამედიცინო კარანტინში იმყოფებოდნენ.
„ეს ჩემთვის ემოციური მომენტი იყო და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილი საგანძურია,“ — თქვა ვაისმენმა ოთხშაბათს გამართულ კოსმოსურ პრესკონფერენციაზე.
6. ეკიპაჟი მთვარეს წრეს ავლებს და ყველაზე შორი ფრენის ახალ რეკორდს ამყარებს

მისიამ პიკს მიაღწია ორშაბათს, 6 აპრილს, როდესაც Orion-თან კავშირი 40 წუთით გაწყდა მთვარის შორეულ მხარეს ყოფნისას.
იმავე საღამოს, აღმოსავლეთის დროით 19:00 საათის შემდეგ, ეკიპაჟმა დაამყარა რეკორდი დედამიწიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებაში, რაც კი ოდესმე ადამიანს უმოგზაურია.
ახალმა რეკორდმა — დედამიწიდან 252,756 მილი — 4,000 მილზე მეტით გადააჭარბა Apollo 13-ის 1970 წლის რეკორდს, NASA-ს მონაცემებით.
რამდენიმე დღით ადრე CBS News-მა კოხს ჰკითხა, რაზე იფიქრებდა, როდესაც ეკიპაჟი საკომუნიკაციო ზონიდან გავიდოდა და ისინი იქნებოდნენ იმ ოთხ ადამიანს შორის, ვინც მთვარის მეორე მხარეს იმყოფებოდა, სანამ დანარჩენი კაცობრიობა ნათელ მხარეს უყურებდა. „მადლიერებაზე,“ — უპასუხა მან.
„თუკი დაფიქრდებით იმაზე, რას ნიშნავს ერთად ყოფნა და რას ნიშნავს საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა ამ დროს, შესაძლოა, ყველანი რაღაც დასკვნამდე მივიდეთ,“ — თქვა კოხმა.
7. ფოტოები გვიჩვენებს დაბნელებას და იშვიათ ხედს მთვარის შორეულ მხარეზე

სამშაბათს, 7 აპრილს, გამოქვეყნდა ეკიპაჟის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოები, სადაც ასახულია საოცარი ხედები და მზის დაბნელება კოსმოსში.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოები შთამაგონებელია და ბევრი ჩვენგანი გრძნობს იმას, რასაც ეკიპაჟი გრძნობდა, ამ სურათების მიღმა დიდი მეცნიერება დგას,“ — განუცხადა CBS News-ს კელსი იანგმა, Artemis-ის სამეცნიერო ფრენების ოპერაციების ხელმძღვანელმა.
კადრებს შორის იყო საოცარი სურათი, სადაც მთვარე მზეს ფარავს. ეს დაბნელება დედამიწიდან არ ჩანდა, ის მხოლოდ Orion-ის ეკიპაჟმა იხილა. გლოვერმა თქვა, რომ ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ ერთსაათიანი სანახაობის სილამაზეს.

„რადგან ადამიანები ალბათ არ განვითარებულან იმისთვის, რომ დაინახონ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ,“ — თქვა მან. „მისი აღწერა მართლაც რთულია. ეს საოცარია.“
8. ეკიპაჟი დედამიწისკენ უამრავი მოგონებით ბრუნდება

როდესაც მთვარე მათ უკან რჩებოდა და პატარავდებოდა, ხოლო დედამიწა წინ მოჩანდა და იზრდებოდა — ეკიპაჟი განცვიფრებული იყო ნანახით.
„იყო ორმოები, კრატერები, რომლებიც დაუსრულებელ, უფსკრულო ხვრელებს ჰგავდა,“ — თქვა გლოვერმა.
ჰანსენმა გაიხსენა ღრმა კოსმოსში რადიოდუმილის 40 წუთი და ის, თუ როგორი შეგრძნება იყო დედამიწასთან ყოველგვარი კავშირის დაკარგვა მთვარის მეორე მხარეს ყოფნისას.
„ვაუ, ახლაც კი ჟრუანტელი მივლის ამაზე ფიქრისას, ხელები მიოფლიანდება, მაგრამ საოცარია იმის ყურება, როგორ ქრება შენი მშობლიური პლანეტა მთვარის მიღმა,“ — თქვა მან.
9. Orion-ის დაშვება ისტორიული მოგზაურობის შემდეგ

როდესაც კაფსულა დედამიწას მიუახლოვდა, ის ატმოსფეროში დაახლოებით 120 კილომეტრის სიმაღლეზე შემოიჭრა 38,624 კმ/სთ სიჩქარით — ეს საკმარისი სიჩქარეა თბილისიდან ბათუმში 25 წამში გადასაფრენად.
რამდენიმე წამში, მისი 5 მეტრის სიგანის თბური ფარის ტემპერატურამ დაახლოებით 2,760 გრადუს ცელსიუსს მიაღწია — რაც მზის ხილული ზედაპირის ტემპერატურის ნახევარია.
პიკური გაცხელების ზონაში 6-წუთიანი საკომუნიკაციო წყვეტის შემდეგ, Orion გამოჩნდა და პარაშუტების დახმარებით სან-დიეგოს სანაპიროსთან, კალიფორნიაში, წყნარ ოკეანეში დაეშვა.
მეტი მულტიმედიური კონტენტის გასაცნობად ეწვიეთ NASA-ს ოფიციალრ საიტს
გაზიარება:
Tags:
დაკავშირებული პოსტები

დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მონაცემთა ცენტრების კოსმოსში განთავსებაზე ოცნებობენ

Firefly Aerospace: Blue Ghost M1 ზონდი წარმატებით დაეშვა მთვარის კრიზისების ზღვაში

აღმოაჩინეს იუპიტერის კიდევ 12 თანამგზავრი

მოისმინეთ, როგორი ჟღერადობა აქვს დედამიწის მაგნიტურ ველს

ევროპის კოსმოსური სააგენტო რუსულ “სოიუზებს” SpaceX-ის რაკეტებით ჩაანაცვლებს

