Anthropic-მა განაცხადა, რომ Claude-ის მეშვეობით მედიკამენტების შექმნაში პირველ წარმატებებს მიაღწია. კომპანიამ ხელშეკრულებები გააფორმა რამდენიმე ლაბორატორიასთან და ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან, რომლებიც Claude-ს კიბოსა და ალერგიის მკურნალობის კვლევებში, ასევე პროცესების ოპტიმიზაციისთვის იყენებენ.
Anthropic-ის პარტნიორებს შორისაა BigHat Biosciences, Bristol Myers Squibb, Divergence Labs, Enveda, Generate Biomedicines და The Column Group. გარდა ამისა, კომპანიამ ახალი პრეპარატების მოძიებისა და შექმნის საკუთარი პროგრამებიც წამოიწყო.
Generate Biomedicines-ში მკვლევრებმა Claude Code-ის დახმარებით გადაწერეს გენეტიკური ინსტრუქციები CAR-T-უჯრედოვანი თერაპიისთვის, რომელიც უმთავრესად სისხლის ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. Anthropic-ის მონაცემებით, Claude-ის ვარიანტი სტანდარტულ ვერსიაზე 70%-ით მოკლე აღმოჩნდა და ლაბორატორიულ გამოცდებში უკეთესი შედეგები აჩვენა. ახლა გუნდი მეთოდის სოლიდურ (მკვრივ) სიმსივნეებთან საბრძოლველად ადაპტირებაზე მუშაობს.
Divergence Labs-ში Claude-მა ერთ თვეში საკვებისმიერი ალერგიის სამკურნალო ანტისხეულების დაახლოებით 35 000 ვარიანტი შექმნა. მეცნიერებმა შეარჩიეს სამი ვარიანტი, რომელსაც იმუნოგლობულინ E-სთან (მოლეკულა, რომელიც ალერგიულ რეაქციებში მონაწილეობს) დაკავშირება შეუძლია, და კიდევ 20 ვარიანტი, რომელსაც ამ მოლეკულის იმუნური უჯრედებისგან გამოყოფა ძალუძს. Anthropic-ის განცხადებით, ტესტებში მათგან სამმა სტანდარტულ სამკურნალო პრეპარატზე უკეთესი შედეგი აჩვენა.
BigHat Biosciences-ში მკვლევრებმა Claude ასევე გამოიყენეს ანტისხეულებზე სამუშაოდ. ყველაზე ეფექტიანმა ვარიანტებმა სამიზნესთან უკეთესი კავშირი და საწყის მოლეკულებთან შედარებით გაზრდილი სტაბილურობა გამოავლინა.
სამეცნიერო კვლევების გარდა, ლაბორატორიები Claude-ს პროცესების ოპტიმიზაციისთვისაც მიმართავდნენ. მაგალითად, კომპანია Enveda-მ Claude-ზე დაფუძნებულ სისტემას ფარმაცევტული წარმოების დოკუმენტაციის ანალიზი მიანდო. ხელოვნურმა ინტელექტმა იპოვა 11-ვე შეცდომა, რომლებიც მანამდე სპეციალისტმა ადამიანებმა აღმოაჩინეს, და კიდევ შვიდი ახალი, ხოლო გადამოწმების დრო 89%-ით შემცირდა. Bristol Myers Squibb-ში კი სურთ Claude-ის მეშვეობით პერსპექტიული მედიკამენტების შექმნის გეგმები გააანალიზონ, გააუმჯობესონ და გამოცდების წარმატების ალბათობა შეაფასონ.
გარდა ამისა, Anthropic-მა გამოაცხადა კომპანია Mithril Medicine-ის შეძენის შესახებ, რომელიც კუნთოვანი დისტროფიის ორი იშვიათი ფორმის სამკურნალო პრეპარატს ქმნის. Mithril Medicine-ის დამფუძნებელი, კოდი ტრანბარგერი, Claude-ის დახმარებით 11 გარე ლაბორატორიაში აკოორდინირებდა ექსპერიმენტებს და მართავდა სხვა კვლევით პროცესებს. Anthropic-ში აღნიშნეს, რომ კვლევების 18 თვეზე ნაკლებ დროში თაგვებზე ჩატარებულმა ტესტებმა იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ადამიანებზე პრეპარატის კლინიკურ გამოცდებზე 2028 წლის ბოლოსთვის გადავლენ.