რადიაციის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მათი ადამიანსა და გარემოზე უარყოფითი გავლენის შესახებ არაერთხელ დაწერილა. ეს თემა აქტუალური იქნება მანამ, სანამ რადიაციის თუნდაც ერთი წყარო იარსებებს. რადიაციის პრობლემის წინაშე საქართველოც დგას, თუმცა ახლა ჩვენ ბოლოდროინდელი კვლევებისა და სტატისტიკური მონაცემების ნაცვლად იმ მოწყობილობაზე ვისაუბრებთ, რომლის მიზანიც რადიაციული ტალღების აღმოჩენაა და რომლის ერთ-ერთი ავტორიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი დათო გოგიტიძეა:
-X Ray Radar-ის შექმნის იდეა მე და ჩემს ლექტორს, სამხედრო გამომგონებელს, გიორგი უსანეთაშვილს ერთი წლის წინ გარემოს დაბინძურების თემაზე საუბრის დროს გაგვიჩნდა. გადავწყვიტეთ, დაგვემზადებინა ისეთი მოწყობილობა, რომლითაც გამოვიკვლევდით რადიაციის წყაროს და დავიცავდით ადამიანის სიცოცხლეს, მით უფრო, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში რადიაციის მაჩვენებელი მართლაც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
X Ray Radar-ი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრში ავაწყეთ, ფაქტობრივად, საკუთარი ხელებით, მოწყობილობის შიგნით განთავსებული ყველა დეტალი ჩვენ მიერ არის დამზადებული. ჯერ ჩამოვაყალიბეთ დანადგარის მუშაობის სისტემა, შემდეგ კი დავწერეთ პროგრამა, შევიმუშავეთ დიზაინი. ერთი სიტყვით, დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ მოწყობილობა ყოფილიყო კომპაქტური და ეფექტური.
X Ray Radar-ს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამ პროექტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას მოკლე დროში შეუძლია რადიაციული დაბინძურების აღმოჩენა, ამასთან, რადიაციის მიმართულებისა და ზუსტი კოორდინატების ჩვენება, აღმოჩენილი ნივთიერების ზომის დადგენა.
X Ray Radar-ი პორტატულია, მისი სიმაღლე 25 სმ-ია და 1 კგ-ს იწონის. იგი სრულიად უსაფრთხოა და არ აქვს არანაირი გამოსხივება. ქალაქგარეთ გატანის შემთხვევაში კვების წყაროდ შეგვიძლია გამოვიყენოთ 9-ვოლტიანი კრონის ტიპის ელემენტი. ამჟამად მოწყობილობა პროტოტიპის სახით არსებობს. ვმუშაობთ მის გაუმჯობესებაზე. ვცდილობთ, იგი უფრო კომპაქტური და მგრძნობიარე გავხადოთ.
მოხარულები ვართ, რომ X Ray Radar-მა გამოჩენისთანავე მიიპყრო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება. 2016 წლის აპრილში, თურქეთში, ვმონაწილეობდით რიგით მესამე Saf-Run Ulusal Robot შეჯიბრში, მაისში კი რობოტების მე-11 საერთაშორისო შეჯიბრში ქალაქ გაზიანთეფში. საქართველოში ჩვენი პროექტი რამდენიმე გამოფენაზე წარვადგინეთ.
იმედი გვაქვს, რომ პროტოტიპს მალე გავაუმჯობესებთ, მოვიპოვებთ პატენტს და შევძლებთ მის მასობრივ წარმოებას. ამ მოწყობილობით რადიაციულ დაბინძურებასთან ბრძოლაში შეიძლება ჩაებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.