იურიდიული ფირმა CC Legal & Advisory-ის მიერ შექმნილ პირველ ქართულ იურისტ ბოტს – Lawbot-ს, არაერთი ფუნქცია დაემატება, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ჯარიმების გასაჩივრება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამუშავება და სხვადასხვა სტანდარტული ხელშეკრულებების შექმნა, მაგ: ქირავნობა, იჯარა, ნასყიდობა და ა.შ. დღესდღეობით ბოტს შეუძლია პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარება, რაც გულისხმობს რამდენიმე წუთში საჩივრის მომზადებას და მის გაგზავნას მომხმარებლისათვის.
„ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ფუნქციები ეტაპობრივად, მიმდინარე წლის ბოლომდე დავამატოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, მომდევნო წლიდან კიდევ უფრო მასშტაბური იყოს ბოტის საქმიანობა. ახალი ფუნქციები მომხმარებელთა უფრო ფართო წრეზე იქნება ორიენტირებული, მათ შორის, არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებზეც.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას CC Legal & Advisory, პარტნიორმა უჩა ძიმისტარიშვილმა.
CC Legal & Advisory ასევე გეგმავს მასშტაბური კონფერენციის ორგანიზებას, რომელშიც წამყვანი კომპანიები და ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გაიმართება მსჯელობა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე და მის მომავალზე.