ანაკლიაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობის ფარგლებში, უცხოელ და ქართველ მენტორთა ხელმძღვანელობით, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიებში მომუშავე სტარტაპებს შორის პირველი რეგიონალური თასის გათამაშება მიმდინარეობს.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალური თასის გათამაშებაში მონაწილეობს 10 უცხოური და 4 ქართული სტარტაპი.
ღონისძიებას ქართველი, ამერიკელი, ესტონელი და დანიელი ჟიურის წევრები ჰყავს, რომლებიც მენტორის ფუნქციასაც ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი არის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – მარიამ ლაშხი.
ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ და მონაწილეობას მიიღებენ ოქტომბრის “მსოფლიო თასის” გათამაშებაში, რომელიც თბილისში გაიმართება.
Welcome Challenge – ეს არის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელ ღონისძიება. ფორუმი თავს უყრის ამ დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებსა და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.