პორტუგალიაში ქ. ლისაბონში „Websummit 2018“ მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული სტენდია წარმოდგენილი.
საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ IT კომპანიები და სტარტაპები, რომლებმაც ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა გაერთიანებული არაბული ემირატების საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელთან და სტარტაპ ჩილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში ,,ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემა – როგორ გავხდეთ ახალი სილიკონ ველი“, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ბიზნეს და სტარტაპგარემო გააცნო, ისაუბრა საქართველოს მაგალითზე პატარა ქვეყნის უპირატესობებზე გლობალური ღირებულების ჯაჭვში და ქვეყანაში მზარდ ეკონიმიკაზე.
მარიამ ლაშხი „Websummit 2018“ – ზე შემდეგ პანელურ დისკუსიებს უძღვებოდა: ბლოკჩეინი, ონლაინ პოლიტიკური კამპანია, ქალების როლის გაზრდა ინოვაციებში, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და სოციალური მედიის გავლენა.
ვიზიტის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ და სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“ შეხვედრა გამართეს ღონისძიების წარმომადგენლებთან, სამომავლოდ საქართველოში ვებსამიტის ქოლგის ქვეშ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.