კომპანია, რომელსაც ამჯერად ჟურნალი „ნავიგატორი“ გაგაცნობთ, მომხმარებელს ხის, ნაქარგი და ნაქსოვი ელემენტების ერთობლიობით შექმნილ პროდუქტს სთავაზობს. „პოპულუსი“ (Populus) ილიაუნის ორმა სტუდენტმა გოგონამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის “დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” ფარგლებში ჩამოაყალიბა.

populus5

თინა ოსაძე, „პოპულუსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

-რამდენიმე თვის წინ მე და ჩემმა მეგობარმა მარიამ სიორდიამ გადავწყვიტეთ, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნიკის დახმარებით ხის ხელნაკეთი აქსესუარები (ჩანთები, ბაფთები, საყურეები, ყელსაბამები, თმის სამაგრები) შეგვექმნა, კომპანიად ჩამოყალიბებისთვის კი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ინოვაციების სააგენტოსთან თანამშრომლობა. რაც შეეხება სახელწოდებას, იგი ლათინური სიტყვაა და ხეს ნიშნავს. გარდა ამისა, საბერძნეთში არსებობს პოპულუსის ხე, რომელიც ცნობილია თავისი ენერგეტიკითა და ძლიერი მერქნით. ყოველივე ამან გადაგვაწყვეტინა, კომპანიის სახელწოდებად გამოგვეყენებინა „პოპულუსი.“

populus3

-როგორ მზადდება ჩანთა და რა დრო სჭირდება ერთი ჩანთის დამზადებას?

-ჩანთის დამზადების პროცესი ლაზარეული მჭრელით ხის მასალის დამუშავებით იწყება. ჩანთის სარჩულად თექას ვიყენებთ, გასაფორმებლად კი მაქმანის, ტყავის ან ხევსურულ ნაქარგ დეტალებს (მომხმარებლის სურვილის შესაბამისად). ერთი ჩანთის აწყობას 2 საათი მაინც სჭირდება.

-ჩანთის პირველი პროტოტიპი.

-პირველი ჩანთა, ზუსტად მახსოვს, 17 თებერვალს დავამზადეთ, მეორე დღეს კი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე გავიტანეთ და დამთვალიერებლების დიდი მოწონება დავიმსახურეთ. პირველი ჩანთა ამერიკელმა ვიზიტორმა შეიძინა და დედას ნიუ-იორკში გაუგზავნა.

-ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და როგორ და რა ფასად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

-ჩვენს მომხმარებელს უყვარს სიახლეები, განსხვავებული და ორიგინალური ნივთები, უყვარს ხელოვნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ჩვენთვის, „პოპულუსის“ პროდუქციას ყიდულობენ იმიტომ, რომ იგი ქართულია, საქართველოშია ნაწარმოები და მთლიანად ეროვნული კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებისგან შედგება. ამჟამად შეკვეთებს Facebook-ზე ჩვენს ოფიციალურ გვერდზე ვიღებთ. სამომავლოდ ჩვენი აქსესუარების მაღაზიებში შეტანას ვაპირებთ. ფასები 70-დან 120 ლარამდე მერყეობს.

populus2

-როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი პროექტის წარმატება?

-ხის ხელნაკეთი ჩანთები სიახლეა ქართველი მომხმარებლისთვის, გარდა ამისა, ჩვენც მაქსიმუმს ვაკეთებთ, არ ვიშურებთ დროს და ენერგიას, რომ ჩვენი კომპანია იყოს წარმატებული.

-როგორ აფასებთ თქვენს შანსებს უცხოურ ბაზარზე გასვლის შემთხვევაში?

-საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატების იმედს გვაძლევს უცხოელებთან ურთიერთობის შემთხვევები. ტურისტები ჩვენი ჩანთებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და აქტიურად ყიდულობენ მათ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here