თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება გსურთ, კარგ მეგზურობას გაგიწევთ ინტერაქტიური რუკა „სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები“ (www.maps.nekeri.net), რომელიც საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიულ საზოგადოებაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა.
პარმენ მარგველაშვილი, პროექტის ერთ-ერთი სამეცნიერო ხელმძღვანელი:
-ისტორიულ-გეოგრაფიული ინტერაქტიური რუკა „სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები“ სამი წლის განმავლობაში (2012-2014) იქმნებოდა. სამუშაოთა ხასიათის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ: წინასწარი საინფორმაციო, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული ხასიათის სამუშაოები; ყოველ ძეგლზე გასვლა და საველე პირობებში ხუროთმოძღვრული ძეგლის მრავალცენტრიანი სფერულ-პანორამული ფოტოსახეების აღბეჭდვა, ძეგლის დეტალური ფოტოფიქსაცია, აზომვითი და აღწერითი სამუშაოები; შექმნილი პროდუქტის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსება, ვირტუალურ სივრცეში ინტერაქტიურ რეჟიმში ოპერირებისთვის მოსახერხებელი ელექტრონული რუკის შექმნა და მასთან მონაცემთა ბაზის მიერთება.
-რა მხრივ არის მნიშვნელოვანი საიტზე განთავსებული ინფორმაცია?
-მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების: საინგილოს, ლორეს, ფოცხოვის, ერუშეთის, კოლას, არტაანის, ჩილდირის, შავშეთის, კლარჯეთისა და ტაოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების 100-ზე მეტ ძეგლს. ინტერაქტიურ რუკაზე დატანილია ყველა ძეგლის სრული დოკუმენტირებული მასალა (ძეგლების 800-მდე სფერული პანორამული ფოტოსახე, 16 ათასამდე ფერადი ფოტოკადრი, 200-მდე ნახაზი და აღწერა). ვებგვერდთან მომხმარებლის ურთიერთობა და დამუშავებული მასალის გაცნობა ხორციელდება როგორც ინტერაქტიური რუკის გამოყენებით, ასევე კატალოგიზებული ბაზის მეშვეობით. საიტი საყურადღებოა როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო და საინფორმაციო კუთხით – მომხმარებელს საშუალება აქვს ვირტუალურად იმოგზაუროს არქიტექტურული ძეგლის გარემოში, დეტალურად, სხვადასხვა რაკურსით და სასურველ რეჟიმში იკვლიოს ძეგლი, მოახდინოს ძეგლების ერთმანეთთან შეჯერება. კარგად ცნობილ და შესწავლილ ძეგლებთან ერთად მომხმარებელი გაეცნობა ნაკლებად ცნობილ და შეუსწავლელ ძეგლებს და აღმოჩენებს, კერძოდ, აქამდე სრულიად უცნობ კლდეში ნაკვეთ ქალაქს „ნოქალაქოის“, კლდეში ნაკვეთი ეკლესიითურთ (ერუშეთი), ტაოში არსებულ საფორტიფიკაციო ძეგლს „ფერდანინ კალე“ და ასევე სრულიად უცნობ ტაძრებს: „ოქრობაგეთი“ – შავშეთში, „რუსდანკალმა“ – ოლთისში, „ბიდეიზი“ – საინგილოში, „სედვი მეორე“ – ლორეში და „არსენისეული მეორე“, რომელიც ტაოს მხარის დიდებულ ოთხთა ეკლესიასთან ახლოს, არსენისეული ეკლესიის მახლობლად მდებარეობს. აქვე დავძენ, რომ საიტი ორენოვანია. აქ არსებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
-რა სიახლეებს უნდა ველოდოთ საიტთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში?
-საიტის მომხმარებელი „აღმოაჩენს“, რომ დღევანდელი საქართველოს ფარგლებში არსებული არქიტექტურული ძეგლები საერთოდ არ არის დატანილი რუკაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ საშური საქმის ხორცშესხმაში კვლავაც დაგვეხმარება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სადაც სათანადო პროექტის დაფინანსებაზე განაცხადი უკვე შეტანილი გვაქვს.