საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში ბოლო დროს სხვადასხვა ტიპის უამრავი ღონისძიება ტარდება. მათ შორის აღნიშვნის ღირსია ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლებსაც GeoLife უწევს ორგანიზებას. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც განათლების სისტემის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

giorgi-nikuradze-1

გიორგი ნიკურაძე,  GeoLife-ს პრეზიდენტი:

-GeoLife იურიდიულ პირად 2012 წლის 21 თებერვალს დარეგისტრირდა. მეგობრები დასაწყისშივე დიდი ენთუზიაზმით შევუდექით თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შემუშავებასა და მათ შეთავაზებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (დისტანციური სწავლების სისტემის დანერგვა გვსურდა), მაგრამ გარკვეულ ბარიერებს გადავაწყდით, თუმცა არ დავნებებულვართ. 2014 წელს გაგვიჩნდა სამეცნიერო ჟურნალის შექმნის იდეა, რომელშიც თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ არასაკმარისი რესურსი აღმოგვაჩნდა და პროექტი ახლო მომავლისთვის გადავდეთ.  2015 წელს Google-ს შემსწავლელი ვიდეო ლექციების ქართულენოვანი კურსი შევქმენი (gs.geolife.ge), რომელიც დღემდე უფასოდ ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს საზოგადოების ფართო მასებში. 2016 წლიდან ორგანიზაციისთვის ახალი სიცოცხლე იწყება. იმისთვის, რომ პატარა ორგანიზაციას წარმატებისთვის მიეღწია, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასთან და ენთუზიაზმთან ერთად, აუცილებელი იყო გვყოლოდა ძლიერი და სტაბილური პარტნიორი, თანაც იგი აუცილებლად ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების მიმდევარი და ეტალონი უნდა ყოფილიყო. დიდხანს არც მიფიქრია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარვუდგინე ჩვენი პროექტი და წარმატებამაც არ დააყოვნა.

-რა წარმოადგენს GeoLife-ს მიზანს?

-ჩვენს ორგანიზაციას გრძელვადიანი, ამბიციური და გლობალური მასშტაბის მიზნები აქვს – ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების სისტემის შეცვლა გვსურს. სავსებით რეალურად მიმაჩნია, რომ 2025 წლისთვის საბაზისო განათლების სისტემა სრულად ავტომატიზებული იქნება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. შესაბამისად, ჩვენ სათანადოდ ვემზადებით ხსენებული გლობალური გამოწვევისთვის დღეს. ამ პროცესებში მნიშვნელოვანია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადგომა და მხარდაჭერა, რადგან საქართველოს შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელი ქვეყნების გვერდით.

თქვენი გუნდის შესახებ მოგვიყევით.

giorgi-nikuradze-2

-GeoLife-ს კარი ყოველთვის ღიაა ნიჭიერი და ინოვატორი ადამიანებისთვის, მოხალისეებისთვის, თუ პროფესიონალებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ ახალ, საინტერესო პერსონებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინოვაციური ტექნოლოგიებით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ამოძრავებთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ქვეყნის და საზოგადოების განვითარების უდიდეს საქმეში.

-რა სახის მომსახურებას სთავაზობთ IT სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს?

-ამჟამად კონცენტრირებულნი ვართ ტრენინგების ჩატარებაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას წინსვლისა და განვითარებისთვის ძალიან სჭირდება აღნიშნული დარგის სპეციალისტები. გამოვყოფდი, როგორც IT პროექტების მენეჯმენტს, ანდროიდის და iOS-ის პროგრამირებას, ასევე  ყველაზე გავრცელებული პროგრამირების ენის — პითონის ტრენინგებს. სხვათა შორის, სამომავლოდ გვსურს, რომ საუკეთესო კურსდამთავრებულები ჩვენთან დავასაქმოთ ვებგვერდების, თუ ანდროიდ და iOS აპლიკაციების დამზადების მამართულებით, რათა მივცეთ მათ საშუალება პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გარდაქმნან იგი გამოცდილებად.

რა სახისა და ხანგრძლივობისაა ეს ტრენინგები და სად ტარდება?

-ხანგრძლივობის მიხედვით სამი ტიპის ტრენინგი გვაქვს: ე.წ. ინტენსიური ექსპრეს ტრენინგი, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში გულისხმობს საფუძვლიანი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემას ვიწრო მიმართულებით; სტანდარტული, რომლის ხანგრძლივობაც საშუალოდ 2 თვეა; გრძელვადიანი, რომლის ხანგრძლივობაც 2 თვეს აღემატება. ტრენინგები ძირითადად ჩვენს პარტნიორებთან ტარდება, საბედნიეროდ მათი რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება. ბოლოს IT პროექტების მენეჯმენტის ტრენინგები ჩავატარეთ და  მოცემული პროექტის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლეს: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქართულმა უნივერსიტეტმა და საქართველოს უნივერსიტეტმა. ტრენინგებს ატარებენ სხვადასხვა დარგის საუკეთესო სპეციალისტები.

როგორ შეიძლება ამ ტრენინგებზე მოხვედრა?

-ტრენინგებამდე ვარიგებთ ბუკლეტებს უნივერსიტეტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მსმენელებთან, ტრენინგების შესახებ ინფორმაციას ვავრცელებთ სოციალური ქსელისა და ჩვენი ვებგვერდის მეშვეობითაც. აქვე ავღნიშნავ, რომ ტრენინგების ძირითადი ნაწილი სრულიად უფასოა.  ამ დროისთვის ჩვენ მიერ 267 ადამიანი გადამზადდა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობთ და სამომავლოდ რაიმე საინტერესო პროექტის განხორციელებას ხომ არ გეგმავთ?

-ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, სახელმწიფო თუ კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა კოორდინირებული მოქმედებებით უზრუნველვყოთ საზოგადოების ცნობიერების და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ანდროიდ და iOS პროგრამირების ტრენინგებს, ამიტომ თვალი გვადევნეთ როგორც სოციალურ ქსელში (facebook.com/MyGeoLife), ისე ჩვენს ვებგვერდზე (www.geolife.ge).

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here