საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონი ინოვაციების შესახებ მიიღო.
კანონის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების შეღწევა ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.
„მიმაჩნია, რომ ინოვაციების შესახებ სრულიად ახალი კანონის მიღება საფუძველს დაუდებს, ერთი მხრივ, უფრო მეტი ინოვაციური სტარტაპის გაჩენას და, მეორე მხრივ, წაახალისებს წამყვან კომპანიებს, მიმართონ საკუთარი ფინანსები კვლევებსა და განვითარებაზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. აღნიშნული კანონით სახელმწიფოში მნიშვნელოვნად მოწესრიგდება ინოვაციური საქმიანობის დაფინანსება, ინოვაციების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურების განვითარება, მოხდება მეცნიერთა და გამოგონებელთა სამართლებრივი უფლებების დაცვა და მათთვის გარანტირებული შემოსავლის უზრუნველყოფა. კანონი განამტკიცებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოს ჩაურევლობას საპატენტო უფლებებში. გარდა ამისა, კანონი შესაძლებელს ხდის გაიცეს ინოვაციების სააგენტოს მიერ სახელმწიფო გრანტები მეწარმე სუბიექტებზე ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად.“ – განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ.
ინოვაციების შესახებ კანონი დაფუძნებულია აშშ-ის Bayh Dole კანონზე, რომლის მიღებითაც აშშ-ში უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა ინოვაციების განვითარებამ, მან ხელი შეუწყო ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობას და კომერციალიზაციას.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას სამართლებრივი რეფორმის კუთხით და უახლოეს მომავალში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენს, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში ვენჩურული საინვესტიციო ფონდების და სახალხო დაფინანსების (ე.წ.crowdfunding) მექანიზმების შექმნას.
საქართველოს კანონს ინოვაციების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3322328