Google-მა ჭკვიანი საათების საოპერაციო სისტემის მეორე ვერსიის გამოსვლა გვაუწყა და ამავდროულად LG-ის ორი ახალი მოწყობილობაც წარმოადგინა რომლებიც სწორედ Android Wear 2.0-ის მართვის ქვეშ მუშაობს.
Android Wear 2.0-ში ციფერბლატების გამართვის საშუალება დაემატა და მთავარ ეკრანზე შეიძლება საჭირო ფუნქციების გამოტანა. ასევე შესაძლებელი გახდა ციფერბლატების სწრაფი ცვლილება და შესაბამისად სწრაფადვე იცვლება მათზე გამოტანილი ფუნქციებიც.
აპლიკაცია Google Fit-ში შესაძლებელი გახდა ტემპის, მანძილის, კალორიების და სენსორის არსებობის შემთხვევაში პულსის მონიტორინგის საშუალება. ამის გარდა დაემატა აზიდვების, ბუქნების, ბრუნების, შტანგების და ჰანტელების აწევის მთვლელი.
Android Wear 2.0-ში აპლიკაციები პირდაპირ საათზე შეგიძლიათ დააყენოთ და ისინი ტელეფონთან მიერთების გარეშე იმუშავებენ. მობილური ქსელების მოდულის მქონე საათებში მომხმარებელს შეეძლება ზარების პირდაპირ მაჯაზე მიღება.
გარდა ამისა მომხმარებელი შეძლებს შეტყობინებებზე პასუხის გაცემას საათის ეკრანული კლავიატურიდან, როცა მანამდე მხოლოდ კარნახით ან ემოჯის საშუალებით იყო ეს შესაძლებელი. კიდევ ერთი სიახლე ხმოვანი ასისტენტი Google Assistant-ის მხარდაჭერაა, რომელიც მანამდე მხოლოდ Google Home-ში და Nvidia Shield მეორე თაობის კონსოლში გამოიყენებოდა.