Stack პირველი ქართული ვებ-ბრაუზერია. ის განსხვავებული ფუნქციებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.
ნავიგატორი Stack-ის ერთ-ერთ შემქმნელ გიორგი ლალიაშვილს დაუკავშირდა:

  • რა არის Stack და რა გამოარჩევს მას სხვა ბრაუზერებისგან?

სთექი არის აპლიკაციებზე მორგებული ალტერნატიული ბრაუზერი იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს 5 ან მეტ ვებ აპლიკაციას (მეილს, მესენჯერს, სოც-ქსელს…)
სთექში შესაძლებელია რამდენიმე აპლიკაციის ერთ ფანჯარაში გამოყენება და გვერდით პანელზე დახარისხება კატეგორიების ან გამოყენების სიხშირის მიხედვით.

  • როგორ გაჩნდა ამ ტიპის ვებ-ბრაუზერის შექმნის იდეა?

იდეა სხვა პროექტზე მუშაობისას მოგვივიდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ახლანდელი ბრაუზერები არ არის მორგებული ვებ აპლიკაციებზე და შეზღუდულ ფუნქციონალს გვთავაზობენ. სთექი ჩვენთვის შევქმენით ივნისში და გამოყენების შემდეგ აღმოვაჩინეთ მისი გლობალური პოტენციალი.

  • ვინდავინ მუშაობდით იდეის განხორციელებაზე?

გუნდში ოთხნი ვართ: დავით გავაშელი სერიული მეწარმე და რამდენიმე საშუალო და დიდი ბიზნესის მფლობელია. დაჩი გუბაძე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან. ზვიად სიჭინავა პროფესიონალი დეველოპერია 8 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით და მე, გიორგი ლალიაშვილი – დამწყები ინოვაციური ბიზნესის (სტარტაპების) ინკუბაციის სპეციალისტი.

  • უსაფრთხოების თვალსაზრისით რამდენად დაცულია მომხმარებელი და რა დაცვის მექანიზმები გაქვთ?

თუ მონაცემთა დაცვას გულისხმობთ – GDPR-თან სრულ თანხვედრაში ვართ. ყველა გახსნილ აპლიკაციაზე ინფორმაციას ლოკალურად ვინახავთ მომხმარებლის კომპიუტერზე და ჩვენთან არ მოგვაქვს. მხოლოდ იმ მონაცემებს ვიყენებთ, რაც ანალიტიკისთვის გვჭირდება და სრულად ანონიმურია. ისე კი, Stack-ი ქრომიუმის ბაზაზეა აწყობილი და გუგლის ქრომივით დაცულია.

  • ვინდოუსის მომხმარებლებისთვის როდისთვის იქნება Stack ხელმისაწვდომი?

ვინდოუსის ვერსიის გაშვებას ზაფხულში ვგეგმავთ. მანამდე არსებული პროდუქტის დახვეწაზე ვმუშაობთ. ახლა მსოფლიოს ტექნოლოგიური სიახლეების ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებაზე TechCrunch Disrupt Berlin- ზე ვართ როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი. ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს და საინტერესო კავშირებს ვიძენთ.

  • როგორც ვიცით, 1500 აპლიკანტიდან TechCrunch-მა საუკეთესო ორმოცეულში აგარჩიათ

დიახ, 40 სტარტაპი აარჩია TechCrunch-მა სპეციალურ ნომინაციაში და ამ 40-ს დაუფინანსა მონაწილეობა, ჩამოართვა ინტერვიუ, და მათზე გაავრცელა ინფორმაცია სოც-ქსელში. ერთ-ერთი ვიყავით ჩვენ. ზოგადად, TechCrunch კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო ინოვაციების სფეროში და, შესაბამისად, ჩვენს მომავალ პარტნიორებს: ინვესტორებს, აქსელერატორებს, მედიას და მომხმარებლებსაც კი – მეტი ნდობა ექნებათ ჩვენ მიმართ.

TechCrunch Disrupt-ის ფარგლებში, სტარტაპერები საკუთარ პროექტს წარადგენენ დამფინანსებლებისა და საზოგადოების წინაშე. PruductHunt-ზე ქართველი სტარტაპერების მხარდაჭერაა შესაძლებელი. საჭიროა, შეხვიდეთ საიტზე https://www.producthunt.com/- ზე და Stack-ს მისცეთ ხმა.

ისე კი, Stack-ის გადმოწერა უკვე შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://getstack.app/



წინა სტატიაMicrosoft Office ლოგოების ახლებურ დიზაინს გვთავაზობს
შემდეგი სტატიაშესაძლოა, Airpods-ს უსადენო დატენვის ფუნქცია დაემატოს

2 კომენტარი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი