საქართველოში 2024 წლიდან არჩევნების ჩატარება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იგეგმება. ცვლილების თანახმად, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემის პროცესი თანამედროვე აპარატურის გამოყენებით განხორციელდება. საუბარია ორ მოწყობილობაზე, ესენია: საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციის (VIU Desktop) და ხმის ელექტრონული მთვლელი (PCOS) აპარატები.
რას გულისხმობს აღნიშნული სიახლე და რა შეიცვლება საარჩევნო პროცესში, ქართული საზოგადოება ბოლომდე ინფორმირებული ჯერ კიდევ არ არის.
მრავალმა სახელმწიფომ თანამედროვე აპარატურა საარჩევნო პროცესში უკვე დიდი ხანია დანერგა. ახალი შესაძლებლობები ტექნოლოგიურმა განვითარებამ წარმოშვა. შეიცვალა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ფორმები. ინტერნეტიზაციამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაზარდა და სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში ცვლილებები შეიტანა. შესაძლებელი გახდა სახელმწიფო სერვისების მოქალაქეებისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდება. შესაბამისად, ქვეყნებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესებშიც დაიწყეს.
არჩევნების ელექტრონული გზით ჩატარების ორი განსხვავებული მეთოდი არსებობს: ელექტრონული ხმის მიცემა (E-Voting), როცა ტრადიციული საარჩევნო ყუთების ჩანაცვლება სპეციალური აპარატურის გამოყენებით ხდება. მეორე მეთოდით კი, არჩევანს ინტერნეტის საშუალებით აფიქსირებ (I-Voting), რა დროსაც მოქალაქე სასურველ კანდიდატს ხმას დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად აძლევს.
ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრა საარჩევნო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობად აღიქმება. ტექნოლოგიებმა ხმის მიცემისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესი გაამარტივა.
ამ თემაში უკეთ გასარკვევად “ნავიგატორი” ელექტრონული საპილოტე პროექტის ხელმძღვანელსა და ორგანიზაცია “კარგი მმართველობის ინსტიტუტის” დირექტორს ირაკლი ხორბალაძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით საზოგადოების მეტად ინფორმირებაა.
რას გულისხმობს ხმის მიცემის ელექტრონული მეთოდი?
– საარჩევნო პროცესში ელექტრონული საშუალებების გამოყენება, ელექტრონულ არჩევნებად მიიჩნევა. ეს გულისხმობს, საარჩევნო პროცესში ამომრ­ჩეველთა იდენტიფიკაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შეჯამების ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით წარმართვას.
იდენტიფიკაციის პროცესი ანუ ვერიფიკაცია, საარჩევნო უბანზე ხდება. აქ ელექტრონულ ტექნოლოგიას, სამაგიდო სიის ნაცვლად იყენებენ, მანამდე თუ ხელით და თვალით, ვიზუალურად უნდა მოეძებნათ ამომრჩეველი, ახლა ამ პროცედურას თანამედროვე აპარატურა შეცვლის: ამომრჩევვლის მოძებნას და ვერიფიკაციას მოწყობილობა მოახდენს.
ელექტრონული ხმის მიცემა და ელექტრონული ხმის დათვლა ერთმანეთისგან განსხვავდება. ელექტრონული ხმის მიცემა ნიშნავს, როცა ადამიანი ქაღალდის ბიულეტინისგან განსხვავებით, მოწყობილობის მეშვეობით აფიქსირებს საკუთარ არჩევანს. ეს შეიძლება იყოს სენსორული ეკრანის მქონე აპარატი, სადაც ციფრული ბიულეტინი გამოდის. ეკრანზე შესაბამის კანდიდატს ირჩევ, მოწყობილობა კი გაკეთებულ არჩევანს ელექტრონულად იმახსოვრებს.


E – Voting-ი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებას ნიშნავს. ეს გულისხმობს, როგორც ხმების ელექტრონულ დათვლას, ასევე ელექტრონულად ან/და ინტერნეტის გამოყენებით ხმის მიცემას. აი ვოუთინგი (I Voting) ი ვოუთინგის (E voting) ერთ-ერთი მეთოდი და კომპონენტია. როცა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის გამოყენებით ვაძლევთ ხმას.
რაში მდგომარეობს ამ ტექნოლოგიების უპირატესობა?
– ორი დადებითი მხარე იკვეთება. პირველი: ბევრად უფრო გამართული და გამჭირვალე პროცესი გვექნება, რაც გულისხმობს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისას, შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ადამიანური შეცდომების ან მანიპულაციის შესაძლებლობა გამოირიცხება. მანქანა თავისი ალგორითმით მუშაობს, რომელიც შეცდომას არ დაუშვებს. მაშინ როდესაც ადამიანი სტრესის, დაღლილობის გამო, ან საერთოდაც, შეგნებულად შეცდომას უშვებდეს, ან რაიმეს არასწორად აკეთებდეს. აპარატი ამას გამორიცხავს, რადგან წინასწარ შედგენილი ალგორითმით ყველგან ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს.
დიდი მიღწევაა, რომ საარჩევნო უბანზე ზუსტი მონაცემები გვექნება, რომელიც ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანს შეესაბამება. ასევე, შედეგები უბნის დახურვიდან უმოკლეს დროში გამოქვეყნდება. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, როცა ხმების დათვლა მთელი ღამე გრძელდება და შედეგები მეორე დილისთვის გვაქვს, ამის ნაცვლად საბოლოო შედეგები ერთ საათში გვექნება.
ვერიფიკაციის ნაწილი ბევრ კომპონენტს ამარტივებს, როგორც კომისიის წევრისთვის, ასევე ამომრჩევლისთვის. უბანზე მისვლისას, აღარ იქნება საჭირო მარკიერება, სითხის დასხმა, დანათება და ა.შ . საარჩევნო სიაში, ამ აპარატის გამოყენებით, რამდენიმე წამში მოგვძებნიან. შესაბამისად, რეგისტრატორთან ლოდინი აღარ მოგვიწევს. უბანზე მეორე მისვლის შემთხვევაში, აპარატი განგაშის სიგნალს გამოსცემს, დაფიქსირდება, რომ ამომრჩეველი განმეორებით ცდილობს ხმის მიცემას. ნებისმიერი ტიპის მანიპულაციის საფრთხე ბევრად შემცირებუბლია, პროცედურები კი ბევრად გამარტივებული.
რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული აღნიშნული პროცესი?
– ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამომრჩეველთა დროული ინფორმირებაა. ამაზე შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება: თუ რა ტექნოლოგია ინერგება, რატომ არის სასარგებლო და როგორ უნდა მოიქცეს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი, რა განსხვავებაა ტრადიციულ მეთოდსა და ახალ მეთოდს შორის, რომელიც ინერგება. საზოგადოებას რაც შეიძლება ინტენსიურად უნდა გავაცნოთ და შესაძლებლობა მივცეთ, რომ 2024 წელს არჩევნებზე მისულებს, ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა მეთოდით და პროცედურით აძლევენ ხმას. ამ გამოწვევის გადალახვა მარტივად შესასრულებელია.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს 177 ქვეყნიდან 32-ში ელექტრონული ტექნოლოგიები სხვადასხვა ფორმით უკვე დაინერგა. ხმის მიცემისა და დათვლის თანამედროვე ტექნოლოგიებს უკვე 15 ქვეყანა იყენებს. 10-ში დისტანციური ხმის მიცემის მეთოდი დაინერგა. ელექტრონული აპარატურის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციისთვის გამოყენება კი, 42 ქვეყანაში ხორციელდება.
სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრისას, ირაკლი ხორბალაძე აღნიშნავს, რომ მრავალი სახელმწიფო თანამედროვე ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესებში საკმაოდ წარმატებულად იყენებს.
“ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყებოდა, სადაც 50-იანი წლებიდან არჩევნების ავტომატიზაცია მოხდა. პირველად შემოვიდა მექანიკური მანქანები, ამომრჩეველი კალმით შემოხაზვის ნაცვლად, სწორედ მათი მეშვეობით აძლევდა ხმას.
ეს პროცესი ვითარდება. თანამედროვე ტექნოლოგიები მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას უადვილებს. ეს აპარატურა შშმ პირებსაც ეხმარება, რომ არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ.
წარმატებული გამოცდილება საკმაოდ ბევრი დაგროვდა და ამას ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა ქართული საზოგადოებისთვის ეს ჯერ კიდევ სიახლეა. საქართველოში 2012 წლიდან ამაზე აქტიური მუშაობა დავიწყეთ. ჩავატარეთ საპილოტე არჩევნები შესაბამისად, ამის ინტერესი ნელ-ნელა გაიზარდა.” – განმარტავს ირაკლი ხორბალაძე.


აღსანიშნავია, რომ საპილოტე ელექტრონული არჩევნები საქართველოში პირველად 2018 წელს ცაიშის საარჩევნო ოლქში ჩატარდა. ხოლო 2019 წელს – წყალტუბოსა და ტყიბულში.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ხმის დათვლის აპარატით მიღებულ შედეგებს იურიდიული ძალა არ ჰქონიათ. საბოლოოდ, მაინც კომისიის წევრების მიერ ტრადიციული მეთოდით დათვლილი შედეგები ჩაითვალა.
ცაიშში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, 2019 წლის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ტყიბულისა და წყალტუბოს 4-4 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი უკვე მეორედ განხორციელდა.

საქართველოს ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით “ნავიგატორი” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სამართლებრივ ექსპერტს, გიორგი მონიავას ესაუბრა. მისი შეფასებით, სიახლე ბევრ პროცედურას გაამარტივებს.

საქართველოში როდიდან იგეგმება არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა?
– 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგეგმება, რომ ამომრჩევლების მინიმუმ 70% ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების დახმარებით მიიღებს. ამაში იგულისხმება: ელექტრონული ვერიფიკატორი, რომელიც სიაში ამომრჩევლის მოძებნას ელექტრონულად მოახდენს. ასევე საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული სკანერი, რომელიც ბიულეტინებს დაასკანერებს და ხმებს ავტომატურად დაითვლის.
კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს და შესაბამისი დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნეს. ჯერჯერობით კანონით არ არის დადგენილი. თუმცა ამ კანონპროექტის საფუძველზე ცვლილება თუ ძალაში შევა, ამომრჩეველთა მინიმუმ 70 პროცენტი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს.
ეს არ გულისხმობს ელექტრონულ არჩევნებს, I-voting-ს, ეს არის ტრადიციულ არჩევნებში გარკვეული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
რა გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით საქართველოში?
– ეს მეთოდი ბოლო ორ არჩევნებზე ინტენსიურად იტესტება. ტექნოლოგიები ცალკეულ უბნებზე უკვე გამოიყენეს. თბილისში 2020 წელს კრწანისის უბანში გამოსცადეს, შემდეგ კი ბათუმის შუალედურ არჩევნებზე, სადაც 14 უბანში ხმის მიცემის პროცესი მთლიანად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ამის საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ამ ტექნოლოგიების გამოყენება მოხდება.


თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ამცირებს თუ არა არჩევნების გაყალბების საფრთხეს?
– არა, ამ შემთხვევაში ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა მარტივდება. მენეჯმენტში ნაკლები წევრია ჩართული და ხმის დათვლა ავტომატურად ხდება. შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრებს ნაკლები სამუშაო ექნებათ განსახორციელებელი და შედეგები არჩევნების დასრულებიდან სულ რამოდემიმე წუთში გვეცოდინება.
რაც შეეხება იმ გამოწვევებს, რაც ქართულ არჩევნებს აქვს, ეს მხოლოდ საარჩევნო დღესთან არ არის დაკავშირებული. ვინაიდან ძირითადად დარღვევები და ტენდეციები არჩევნების დღემდე იკვეთება. ეს იქნება ამომრჩეველთა მოსყიდვა, ზეწოლა, ამომრჩეველთა ხმების ტოტალური კონტროლი, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლება, ხმების მიღების სანაცვლოდ ციხეებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარკვეული შეღავათების მიცემა. ეს ცვლილებები ამ გამოწვევებს ვერანაირად ვერ პასუხობს.
ასევე, უშუალოდ არჩევნების დღეს უამრავი დარღვევა იკვეთება: ე.წ. კარუსელი, ორჯერ და სამჯერ ხმის მიცემა და სხვა. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია რომ ძველი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემა ძალაში რჩება. ამ შემთხვევაში ასეთი პირადობების გაყალბება ძალიან მარტივია სახლის პირობებშიც კი.
ახლა უკვე ამომრჩეველს მარკირების ვალდებულება აღარ ექნება. ეს პროცედურა იხსნება, რაც თავისთავად ზრდის საფრთხეს, რომ ერთი და იმავე პირმა სხვადასხვა პირადობის მოწმობით რამდენჯერმე მისცეს ხმა.
მოსალოდნელია თუ არა, საქართველოში დისტანციური ხმის მიცემა დაინერგოს?
– ამაზე პერმანენტულად საუბრობენ, თუმცა სერიოზული საუბრები არ ყოფილა და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. კანონპროექტის სახე ჯერჯერობით არ მისცემია.
რამდენად დაცულია სისტემის კიბერუსაფრთხოება?
– კიბერუსაფრთხოება ამ შემთხვევაში დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ეს აპარატები გლობალურ ქსელში ჩართული, ანუ ონლაინ არ არის. ელექტრონული ტექნოლოგია მხოლოდ ერთმანეთთან საარჩევნო უბანშია ლოკალურად შეერთებული.
თუმცა მეორე გამოწვევაა, როდესაც ეს აპარატები პროგრამირდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ტექნოლოგიური აუდიტი უნდა ჩატარდეს. სარწმუნო უნდა იყოს, რომ ჩაწერილი პროგრამა ხმების მანიპულირებას არ მოახდენს. ეს გამოწვევა რჩება, თუმცა გლობალურად გატეხვის და დაჰაკვის საფრთხე არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილება ხორციელდება, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების არჩევნებში დანერგვა კვლავ გამოწვევად რჩება. ამ პროცესში სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, როცა საერთაშორისო სტანდარტების და პრინციპების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია.

წინა სტატიარა ემართება ინსტაგრამს? – მომხმარებლებს ანგარიშები დაებლოკათ
შემდეგი სტატიაციფრული სავიზიტო ბარათის შესაქმნელი პლატფორმა CardU

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი