კომუნიკაციების კომისიამ კახეთში სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გადაამზადა.
კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და გურჯაანში 250 მოსწავლეს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.
დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. განიხილეს, როგორც სოციალური მედიის დაფინანსებაში თითოეული მომხმარებლის როლი, ასევე ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკის მუშაობა. მოზარდებს სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
თელავის, გურჯაანის და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს „Happy Onlife“-ის დახმარებით ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის წესები აუხსნეს. აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე ინტერნეტში არსებული საფრთხეებისა და კიბერბულინგისგან თავდაცვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
Happy Onlife – ონლაინ აპლიკაციაა, რომელიც მოზარდებს თამაშის გზით ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას, ასევე ონლაინ შინაარსის კრიტიკულ შეფასებასა და ანალიზს ასწავლის. აპლიკაცია ევროკავშირის ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პროექტად მიიჩნევა, რომელიც მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერბულინგისგან დაცვაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ Happy Onlife ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.
მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის ეკონომიკა“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული. კომუნიკაციების კომისიამ საგაკვეთილო მოდული კურსის ავტორთან, „ზაფირიას მედიაგანათლების ცენტრის“ დირექტორ ალესანდრა ფალკონთან ერთად შეიმუშავა და სპეციალურად ქართულ სკოლებზე მოარგო. „მედიის ეკონომიკის“ პროექტი აღიარებულია, როგორც უნიკალური მიდგომა მედიასაფრთხეების შესახებ მოზარდების ცნობიერების დონის ასამაღლებლად.

წინა სტატიაApple-მა გააკეთა იაფი iPad პლასტიკური ჩანთით, მაგრამ გადაიფიქრა გაყიდვა
შემდეგი სტატიასწავლის გადასახადების მართვის ვებპლატფორმა – Edupay უცხოეთის ბაზრის ათვისებას გეგმავს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი