ედუფეი (Edupay) ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს საგანმანათლებლო სფეროში გადახდების პროცესს უმარტივებს. კომპანია საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და სპორტულ, ხელოვნების აკადემიებს სწავლის გადასახადის მენეჯმენტის ავტომატიზაციის ვებპლატფორმას სთავაზობს. სტარტაპი 2021 წელს შეიქმნა და საქართველოში ერთადერთი პლატფორმაა, რომელმაც სასწავლო დაწესებულებებში ფინტექმიმართულების დანერგვა დაიწყო. ედუფეი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასწავლებელთან თანამშრომლობს და ამ დროისთვის უკვე 4 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადების დაიდენტიფიცირება შეძლო.
კომპანიის მარკეტინგის და კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ბატიაშვილი “ნავიგატორთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი პლატფორმით მომხმარებლები სწავლის გადასახადების აღრიცხვაზე, მის გადამხდელებისთვის შეხსენებასა და ინვოისების გენერირებაზე 60%-მდე დროს ზოგავენ.
“ედუფეის შექმნის იდეა საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევიდან გამომდინარე გაჩნდა. სტარტაპის დამფუძნებლების (გიორგი ხაჩიძე, ალექსანდრე ჩოგოვაძე, კრისტოფერ გვენეტაძე) ტექნოლოგიური, ფინანსური და საგანმანათლებლო საკონსულტაციო გამოცდილების გაერთიანებით კი საინტერესო პროდუქტის შექმნა შევძელით.

სასწავლებლებს ვეხმარებით, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ გადასახადების აღრიცხვაზე, გადამხდელების შეხსენებასა თუ ინსვოისების გენერირებაზე. ასევე გადამხდელებს გადახდის მეთოდებს ვუმარტივებთ.
ეს პრობლემა საგანმანათლებლო სფეროში, არა მარტო საქართველოში , არამედ გლობალურადაც არსებობს.
სასწავლებლები ბევრ დროს კარგავენ რათა ყოველთვიური გადასახადები შეამოწმონ: ამონაწერში უნდა ნახონ ვინ გადარიცხა თანხა, ვის აქვს ვადაგადაცილება. მომხმარებლებთან სწავლის გადასახადის საკითხზე ხშირი, უხერხული და ხანგრძლივი კომუნიკაცია უწევთ. ეს პლატფორმა სწორედ ამის მოსაგვარებლად შექვმენით, რომელიც სასწავლებლებსა და გადამხდელებს ინვოისს ავტომატურად უგენერირებს, SMS და Email შეტყობინებას უგზავნის. ედუფეი მომხმარებელს სასწავლებლის სახელით შეტყობინებას უგზავნის, სადაც მითითებულია მოსწავლის მონაცემები, გადასახადის თარიღი, კურსის დასახელება. მას გენერირებული ლინკი მიჰყვება, რომელსაც გადამხდელი პირდაპირ გადახდის გვერდზე გადაჰყავს. ასეთი მეთოდით შევძელით, რომ 63 %-მდე შეგვემცირებინა ვადა გადაცილებული გადასახადები. – აღნიშნავს მარიამ ბატიაშვილი.
კომპანიის მიზნებზე საუბრისას, მარიამი აღნიშნავს, რომ მათ ელექტრონული გადახდების პოპულარიზაცია სურთ, რათა საქართველოში გადასახადების მართვის ახალი სტანდარტი დაინერგოს. კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობს, თუმცა სამომავლო გეგმები უცხოეთს უკავშირდება. ედუფეი უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებს. საკუთარი პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის პროცესი უკვე დაწყებული აქვთ და უცხოურ სასწავლებლებთან მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებენ.
“ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ორგანიზაციებს მომხმარებლის ქცევის შეცვლაში დავეხმაროთ, ამით კი გადასახადების ვადაგადაცილებები შემცირდეს. საბოლოოდ, გადასახადების მართვის ახალი სტანდარტის დანერგვა გვსურს, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად.
საკმაოდ მრავალფეროვანი სეგმენტი გვყავს, მათ შორის არიან: კერძო სკოლები, კერძო ბაღები, სპორტული აკადემიები, ხელოვნების ცენტრები და ტრენინგ-ცენტრები. ვიცნობთ ამ სეგმენტის გამოწვევებს. მათთან ახლოს ყოფნით და მუდმივი კომუნიკაციით ისეთი პროდუქტის შექმნა შევძელით, რომელიც მრავალფეროვან სეგმენტის საჭიროებებზეა მორგებული.
სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვებისგან, თუმცა ამ მიმართულებით, კონკურენტები არ გვყავს. საქართველოში პირველი და ერთადერთი ვართ, ვინც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და სასწავლებლებს სწავლის გადასახადის მართვაში ეხმარება. გლობალურად მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მსგავსს სერვისს სთავაზობს, მაგრამ ამ სფეროში გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს. იმის პარალელურად, რომ ჩვენს ქართულ პროდუქტზე ვმუშაობთ, ასევე გლობალურ ბაზარსაც აქტიურად ვსწავლობთ. ჩვენი პროდუქტის მაქსიმალურად დახვეწას ვცდილობთ, რათა გლობალურ ბაზარზე ადაპტირება მოვახერხოთ.
საგანმანათლებლო სფერო ბიუროკრატიულია და ამ სფეროში მუშაობისას, ბევრ სირთულეს და ბარიერს ვაწყდებით. განსაკუთრებით, როცა საქმე გლობალურ ბაზარს ეხება. ჩვენთვის საინტერესოა ვნახოთ, თუ რა აკლია სხვა ქვეყნებში მსგავსს პროდუქტს. რაც შევამჩნიეთ არის ის, რომ ყველა ეს პროდუქტი კონკრეტულ სეგმენტზეა მორგებული. მაგალითად, სპორტულ სეგმენტზე, ან მხოლოდ სკოლებზე. თუმცა მრავაფეროვანი, ნებისმიერი ტიპის აკადემიაზე თუ სასწავლებელზე მორგებული პროდუქტი არ არსებობს.
ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ გლობალური ბაზრის შესწავლით დახვეწილი პროდუქტი შევქმნათ, ფუნცქიონალები შევმატოთ და ნებისმიერი ტიპისა და ზომის სასწავლებლის უნიკალურ საჭიროებებს მოვერგოთ.
ამერიკის ბაზარზე გასვლას ვაპირებთ – ყოველწლიურად 8000-ზე მეტი ახალი აკადემია იხსნება, შესაბამისად საკმაოდ დიდი ბაზარია. სატესტო რეჟიმში უკვე ურთიერთობა გვაქვს ნიუ-იორკის ორ აკადემიასთან, ცეკვის და საბალეტო აკადემიებთან.
როგორც ჩვენი მომხმარებლების კვლევის პროცესში აღმოჩნდა, მათაც მსგავსი პრობლემები აქვთ. სასწავლებლებსა და გადამხდელებს ერთმანეთთან ხანგრძლივი კომუნიკაცია უწევთ, რათა სწავლის საფასური დროულად დაიფაროს, მითუმეტეს, როცა ეს ყოველთვიური გადასახადია.
რა თქმა უნდა, საქართველოშიც ვაგრძელებთ ახალ მომხმარებლებთან ურთიერთობას და ედუფეის პლატფორმის სასწავლებლებში დანერგვას. პარტნიორი ორგანიზაციები, თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გვყავს.”
ედუფეი საქართველოში 20ზე მეტი სასწავლებლიდან 15 000 მოსწავლეს ემსახურება. მათ უკვე 4 მილიონზე მეტი იდენტიფიცირებული ტრანზაქცია აქვს შესრულებული. კომპანიის პლატფორმით პროცესების 80%-მდე ავტომატიზაცია ხდება.
“საქართველოში მრავალფეროვანი სეგმენტი გვყავს. უნიკალური ალგორითმი გვაქვს, რომელიც ტრანზაქციის მიღებისთანავე ინფორმაციას რამდენიმე წუთში სასწავლებლის სამართავ პანელზე ასახავს და შესაბამის მოსწავლეს მიაკუთვნებს. შედეგად კი, სასწავლებლებს ინფორმაციის ამონაწერში მოძიება აღარ უწევთ – ედუფეის პლატფორმაზე შესვლა და მოსწავლის სტატუსის შემოწმება საკმარისია, ამით კი ბევრ დროს ზოგავენ.
სასწავლებელს ჩვენი პლატფორმით 57 საბანკო არხთან ინტეგრაციაა შეუძლია. ედუფეის პლატფრომა მოსწავლეებს უნიკალურ IDკოდს ანიჭებს. მისი შეყვანის შემდეგ მოსწავლეს შეუძლია თავისი გადასახადი და გადახდის განრიგი ნახოს და ონლაინ საბარათე გადახდით მომენტალურად გადაიხდის.
ბუნებრივია, მოსწავლეების მონაცემები და ფინანსური მონაცემების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, რაც თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. მონაცემებს ამაზონის ვებ სერვისებზე ვიცავთ, რათა კონფიდენციალური და დაცული იყოს.” – აღნიშნავს მარიამ ბატიაშვილი.

წინა სტატიაკომუნიკაციების კომისიამ კახეთში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 250 მოსწავლე გადაამზადა
შემდეგი სტატიაილონ მასკმა აღიარა, რომ Twitter-ი შესაძლოა გაკოტრდეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი