საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “ერაივალის” (Arrival) ორგანიზებით მორიგი ჰიბრიდული კონფერენცია Moving To WEB3 გაიმართება. ღონისძიება 31 ოქტომბერს მთაწმინდაზე ჩატარდება.
დამატებითი დეტალებისთვის, ნავიგატორი სააგენტო Arrival-ის გენერალურ დირექტორს მარიამ ნინიკელაშვილს ესაუბრა.
“ერაივალი საქართველოში პირველი მეტავერს ღონისძიებების სააგენტოა. ივენთებს ძირითადად მეტავერსში ვაორგანიზებთ, უფრო კონკრეტულად, დეცენტრალენდში. თუმცა ამჟამად პირველად დავგეგმეთ ჰიბრიდული ღონისძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტავერსთან ერთად ეს ღონისძიება რეალურ სივრცეშიც იქნება, მთაწმინდაზე “სფეროში”. ვინც რეალურ სივრცეში ვერ მოახერხებს მოსვლას, შეეძლება მეტავერში შემოგვიერთდეს.
ღონისძიება ვებ სამის თემაზეა და ორი ნაწილისგან შედგება: ოფიციალური ნაწილი და After Party. პირველ ნაწილში ოთხი ქართველი სპიკერი გვეყოლება, რომლებიც ზოგადად ვებ სამის შესახებ ისაუბრებენ: როგორ გადადიან კომპანიები ვებ ორიდან ვებ სამში, რა გამოწვევები არსებობს და ასე შემდეგ.
რაც შეეხება არაფორმალურ ნაწილს, გვეყოლება დიჯეი, სხვადასხვა არტისტი. ისე დაემთხვა, რომ 31 ოქტომბერს ჰელოუინია, ღონისძიება უფრო საინტერესო რომ გაგვეხადა, დრესკოდის გაკეთება გადავწყვიტეთ. ივენთი კოსტუმირებული იქნება, თუმცა მკაცრად არ არის მოთხოვნილი.
დასწრება 18 წლიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ონლაინ მეტა ვერსში დასასწრებად საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია, რათა ამ დარეგისტრირებულ ადამიანებს ინსტრუქცია გავუგზავნოთ, თუ როგორ უნდა შემოვიდნენ მეტავერსში. ხოლო რეალურ სივრცეში, სფეროში დასწრების მსურველებმა ბილეთები წინასწარ უნდა შეიძინონ.” – აღნიშნა მარიამ ნინიკელაშვილმა.

ღონისძიების სპიკერები გიორგი გვაზავა, მარი გიორგობიანი, ნიკა გელაშვილი და ნიკა ასათიანი იქნებიან, ხოლო მოდერატორი Holy Motors – ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი გიორგი ავალიანია.
ერაივალი მეტავერს ღონისძიებების პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სააგენტოა საქართველოში, რომელიც კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება, ღონისძიებები და შეხვედრები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში, ჩაატარონ.

წინა სტატია“საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე” – პანელური დისკუსია გაიმართება
შემდეგი სტატიაiPhone SE 4 მიიღებს 6.1 დიუმიან ეკრანს წინა კამერის ამოჭრით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი