შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VR Lab) გაიხსნება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში. VR Lab-ით ისარგებლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტიც.

irakli-kokrashvili-2

ლაბორატორია დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს: სიმულაციების შექმნასა და მოდელირებაში; კვლევისა და სწავლების ვიზუალიზაციაში; მოწინავე პროგრამულ აპლიკაციებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკებში ვარჯიშში.

ლაბორატორია ხელოვნების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულების მკვლევრებს კვლევის სიმულაციის, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა მონაცემები დიდი მასშტაბის და მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის მქონე ეკრანებზე და გამოსახულებით დივაისებზე გადაიტანონ.

VR Lab-ის მნიშვნელობის შესახებ კომენტარი Game Lab Iliauni-ს მენეჯერს, ირაკლი ქოქრაშვილს ვთხოვეთ:

-2016 წელი გამოცხადდა წლად, როდესაც ვირტუალი რეალობა რეალობად იქცევა. ბოლო რამდენიმე წელია, ტექნოლოგიური გამოფენების უმეტესობა ზუსტად ამ და მომიჯნავე ტექნოლოგიების გარშემო ტრიალებს. Facebook, Google, Sony, Microsoft, Razer და ბევრი სხვა ცნობილი კომპანია ჰარდ და სოფტ გადაწყვეტებს გვთავაზობს ამ სფეროში. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოში ახლა ასეთი ლაბორატორიის გახსნა, რადგან სწორედ აქ მოხდება ასეთ წამყვან ტექნოლოგიებზე მუშაობა. სრულებით რეალურია აქ შეიქმნას ისეთი ტექნოლოგია და ჩატარდეს ისეთი კვლევა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ იქნება, ანუ ჩვენ კი არ მოვახდენთ რაიმეს კოპირებას ან ადაპტირებას, გავხდებით გლობალური პროცესის წამყვანი და ნაწილი.

რა სახის ტექნიკით იქნება აღჭურვილი ლაბორატორია?

-დღესდღეობით ვირტუალური რეალობის ჩაფხუტებს ორი კომპანია,  HTC და Oculus აწარმოებს და, რა თქმა უნდა, ეს მოწყობილობები აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერებთან ერთად, რომლებიც სპეციალურად ვირტუალური რეალობისთვის არის შექმნილი. გარდა ამისა, ამჟამად ძალიან პოპულარულია მობილური ვირტუალური რეალობაც და ამ ხელსაწყოებითაც აუცილებლად აღიჭურვება ლაბორატორია. გვექნება მთელი სხეულის „ტრეკირების“ სისტემებიც, ვირტუალური ხელები და მრავალი სხვა „ინფუთ“ მოწყობილობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ვირტუალურ რეალობაში ინტერაქციისთვის. 3D-ს დახმარებით საშუალება გვექნება დავაკვირდეთ სპეციალურ კედელზე, თუ რა ხდება ვირტუალურ რეალობაში. ამ ყველაფრის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის კვლევებსა და თერაპიებს განვახორციელებთ მაგალითად, აუტიზმის, მრავალი ფობიის, AHDH სინდრომის და კიდევ მრავალი სხვა მიმართულებით. ასევე ძალიან საინტერესოა გეოგრაფიული ვიზუალიზაცია და ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციის მიმართულება, არქიტექტურული ვიზუალიზაცია, განათლების სფერო, ტურიზმი და ა.შ. ერთი სიტყვით, ლაბორატორიის აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას, შეგრძნებების დონეზე მოდელირებული რეალობის ნაწილი გახდე: იმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში; კლავიატურისა და მაუსის გარეშე, საკუთარი ხელების მოძრაობით, ვირტუალურად დაამოდელირო შენობები; გააუმჯობესო ტურიზმის მარკეტინგი; შექმნა უფრო ეფექტური განათლების მოდულები; ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შექმნა და სასურველი შედეგის მიღებამდე ცვალო საკუთარი იდეების პროტოტიპები.

სოფო გოდუაძე

წინა სტატიადამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
შემდეგი სტატიასტარტაპ შეხვედრები ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი