2-5 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
როგორც მან ღონისძიების გახსნაზე განაცხადა, მისი სტრატეგიული მიზანია ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ეკონომიკაში და ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი.
„მოგეხსენებათ, 2 წლის წინ მთავრობამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფინანსა ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიის პროექტი. ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და დღეს გამოყენებული იქნება კომეტ-ექსპერიმენტის სისტემის შექმნისთვის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორკშოპი იმართება თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მინდა, იყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს“ – აღნიშნა პრემიერმა.
COMET (COherent Muon to Electron Transition) საერთაშორისო კოლაბორაცია 2007 წელს იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითმა ორგანიზაციამ (KEK) ჩამოაყალიბა. ის წელიწადში ერთხელ იაპონიის გარეთ ე.წ. გასვლით სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად ატარებს. წლევანდელ სამუშაო შეხვედრას, რომელიც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამეცნიერო თვალსაზრისით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.