სმარტფონების ბუმის შედეგად მივიღეთ ასობით სხვადასხვა მოდელის ჭკვიანი მოწყობილობა, მაგრამ მათ ერთმანეთისგან მხოლოდ მცირე დეტალები თუ განასხვავებდათ, კონცეპტუალური მოდელები კი ძირითადად გამოფენებზევე ასრულებდნენ არსებობას. მხოლოდ ერთეულებმა თუ შეძლეს მასობრივ წარმოებაში მოხვედრა. მაგალითისთვის გამოდგება Google-ის პროექტი Ara, რომელიც მოდულარული სმარტფონის იდეას ეფუძნება და Nextbit Robin – პირველი სრულყოფილი cloud სმარტფონი. სწორედ ამ უკანასკნელზე მოგითხრობთ ამჯერად.
როგორც ყველა სტარტაპ პროექტი, რომელთა ავტორებსაც ინოვაციური იდეები გააჩნდათ, მაგრამ ფინანსები კი არა, Nextbit-ის დამფუძნებლებმაც Kickstarter-ს მიმართეს და სამიზნე $500 000-ის ნაცვლად 1.3 მილიონი დოლარი შეაგროვეს, რაც სავსებით საკმარისი გახლდათ მუშაობის დასაწყებად. აღსანიშნავია ისიც, რომ Nextbit-მა საკმაოდ დემოკრატიული ფასების პოლიტიკა აირჩია და Robin-ის საორიენტაციო ფასად $399 განსაზღვრა, რაც ბევრ ფლაგმანური სმარტფონის ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ფასის მიუხედავად Nextbit Robin ნამდვილად არ გახლავთ აპარატურულად სუსტი მოწყობილობა: 5.2–დუიმიანი 1080p გარჩევადობის ეკრანი, Snapdragon 808 მიკროპროცესორი და 3 გიგაბაიტი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება სავსებით საკმარისია მისი ღირებულების გასამართლებლად, მით უმეტეს, თუ ამას თან ერთვის 13–მეგაპიქსელიანი კამერაც.
დიზაინერული თვალსაზრისით, Nextbit Robin-ისგან უფრო მეტს ითხოვდნენ, ვიდრე მივიღეთ. ამის მიზეზი კი დიზაინის ავტორი გახლავთ, რომელიც HTC-სთანაც თანამშრომლობდა და M7 და M8-ს გარეგნული მხარის ავტორიც გახლდათ. სმარტფონის კორპუსის გარე ნაწილში, ძალიანაც რომ გვინდოდეს, მეტალისგან დამზადებული დეტალის მოძიება ნამდვილად გაგიჭირდებათ, რადგან Nextbit Robin მთლიანად პლასტმასისგან გახლავთ დამზადებული. რას ვიზამთ, პოლიკარბონატმა თავისი სიიაფის ხარჯზე სრულად გამოდევნა მეტალი ბიუჯეტური და საშუალო ფასის კატეგორიის სმარტფონებიდან. ამის მიუხედავად, ჩემი სუბიექტური აზრით, Nextbit Robin ვიზუალურად საკმაოდ მიმზიდველი მოწყობილობა გახლავთ. მისი კორპუსი ორ ფერშია გადაწყვეტილი, სადაც თეთრი დომინირებს (არსებობს სრულად მონაცრისფრო მოდელიც). კანტები და კუთხეები მომრგვალებული არაა და ამ მხრივ იგი არ მისდევს ბოლო დროს დამკვიდრებულ მოდას.
Nextbit Robin-ის მთელი უნიკალურობა მის პროგრამულ უზრუნველყოფაშია. Cloud ტექნოლოგიების ასე სრულყოფილად ათვისება ჯერჯერობით არცერთ სმარტფონში არ მომხდარა. მართალია, არაერთი cloud საცავის აპლიკაცია არსებობს Android (და არამარტო) ოპერაციული სისტემებისთვის, მაგრამ მათი ფუნქციონალური მხარე მკვეთრად შეზღუდულია, როდესაც საქმე ეხება დინამიკურ ბექაფს და სინქრონიზაციას. Nextbit Robin-ის შემთხვევაში ამ ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი მარტივია: იმისათვის, რომ მომხმარებელს არასდროს შეექმნას სმარტფონში თავისუფალი შემნახველი სივრცის პრობლემა, გამოყოფილია 100 გიგაბაიტიანი cloud საცავი, რომელზეც ხდება იმ აპლიკაციების და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის გადატანა, რომლებსაც მომხმარებელი შედარებით იშვიათად იყენებს, თუმცა ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება და ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს. საკმარისია მომხმარებელმა დააჭიროს აპლიკაციის განაცრისფრებულ ღილაკს ( სწორედ ასეთ ფერს იღებენ cloud სივრცეში გადატანილი აპლიკაციების ხატულები) და მომენტალურად ხდება აპლიკაციის და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა. მთელი ეს პროცესი დინამიკურია და ავტომატიზებული. ლოკალური შემნახველი მეხსიერების მოცულობა კი 32 გიგაბაიტით არის განსაზღვრული. სმარტფონის უკანა პანელზე გამოსახულ ღრუბელთან განლაგებული ოთხი ნათურა იწყებს ნათებას, როდესაც მიმდინარეობს სინქრონიზაცია cloud სერვერთან.
ბევრს შეიძლება დაებადოს კითხვა, თუ რა საჭიროა საქმის ასე გართულება, როდესაც არსებობს 256 GB მოცულობის მეხსიერების ბარათები და თავად სმარტფონებიც უკვე აღარ უჩივიან მცირე ინტეგრირებულ ფლეშ მეხსიერებებს, მაგრამ არსებობს ლოკალური შემნახველი სივრცე და არსებობს cloud ბექაფიც. ეს უკანასკნელი კი ტელეფონის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე არაა დამოკიდებული და საიმედოდ ინახავს მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციას.