ამერიკული კომპანია Amazon-ი მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზიაა, რომლის სათავო ოფისი აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს. კომპანია ამერიკელმა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა და ბიზნესმენმა, ჯეფრი ბეზოსმა 1994 წელს შექმნა. თავდაპირველად მას “კაბადრა” ერქვა და ინტერნეტის მეშვეობით წიგნებით ვაჭრობდა. 1995 წელს მისი სახელი “ამაზონით” შეიცვალა. ამავე პერიოდში ვებსაიტი Amazon.com უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. კომპანია საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და მალევე წიგნებთან ერთად სხვა ნივთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო.

საინტერესოა, რომ “ამაზონი” თავიდანვე მომხმარებლებზე ორიენტირებული იყო – მან პირველმა შემოიღო ფუნქცია, რომელიც კლიენტს პროდუქტის შეფასების საშუალებას აძლევდა, თუნდაც გამოხმაურება უარყოფითი ყოფილიყო.
დღესდღეობით, ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და უდიდესი კომპანია, რომელიც ელექტრონული კომერციის, ღრუბლოვანი სერვისების, ციფრული სთრიმინგისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოწინავე ადგილს იკავებს.
მისი ლოგო 2000 წლიდან არსებობს, სადაც სიტყვა ამაზონში A და Z ასოები ისრით არის დაკავშირებული. ეს გულისხმობს, რომ ინტერნეტ მაღაზიაში ნებისმიერი ასოთი დაწყებულ ნივთს მიაგნებ. ისარი ასევე ღიმილსაც გამოხატავს.
Amazon-ი მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც წლის განმავლობაში უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის. ცნობილია, რომ ორგანიზაცია თანამშრომლებს კარგ სამუშაო პირობებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ის აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სამუშაო ადგილად არაერთხელ აღიარეს.
ამაზონში მუშაობა ბევრი ადამიანის ოცნებაა. დასაქმების მსურველებს, რამდენიმე შესარჩევი ეტაპის გადალახვა უწევთ. ლიდერობა, პასუხისმგებლობა, წინსვლისა და განვითარების მუდმივი სურვილი – ეს იმ აუცილებელი მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამაზონში მუშაობის დაწყების მსურველს უნდა გააჩნდეს. კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობას უზრუნველყოფს. იმუშავე ბეჯითად, გაერთე, შექმენი ისტორია (Work hard, have fun, make history) – მისი სლოგანია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დასაქმება ბევრმა ქართველმა მოახერხა, რომელთა შესახებ არაერთხელ გვსმენია.
გიორგი ბერუაშვილი ამაზონში დასაქმებულ ქართველთა შორის არის, რომელიც კომპანიაში უკვე 4 წელია წარმატებით მუშაობს. ამ დროის განმავლობაში დაწინაურება შეძლო და ამჟამად ამაზონის ჩრდილოეთ ამერიკის ოპერატიული რეგიონალური მენეჯერის პოზიციას იკავებს.
მისი ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა – გიორგიმ კომპანიისთვის სპეციალური მექანიზმი შეიმუშავა, რომელმაც თანამშრომელთა მუშაობა გაამარტივა. Shrimp ასე ქვია პროგრამას, რომლითაც ქართველმა ახალგაზრდამ ამაზონი დააინტერესა. მას სამუშაო პროცესში აქტიურად უკვე 13 ქვეყანაში იყენებენ.
გიორგი ბერუაშვილმა კომპანიაში მიღებულ გამოცდილებაზე, მის მიერ შექმნილ პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე “ნავიგატორთან” უფრო დეტალურად ისაუბრა.

როგორ მოხვდი ამერიკაში და როგორ დასაქმდი ამაზონში?
– ამერიკაში 8 წლის წინ სასწავლებლად ჩამოვედი. ბაკალავრიატი ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში (UCF – University of Central Florida) გავიარე. საერთოდ სხვა სფერო – დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები ვისწავლე. ფლორიდაში, ქალაქ ორლანდოში ვცხოვრობდი. ბაკალავრის დამთავრების შემდეგ გაეროში სტაჟიორად ვიმუშავე, თუმცა ეს საქმიანობა არ მომეწონა. თავიდან დავფიქრდი, თუ რა მინდოდა ცხოვრებაში მეკეთებინა.
მაგისტრატურა უკვე ბიზნესის მიმართულებით გავაგრძელე. მენეჯმენტის მაგისტრი დავამთავრე, რის შემდეგაც ამაზონში დავიწყე მუშაობა.
კომპანიას ამერიკის სხვადასხვა შტატში საწყობები აქვს, პირველი მისისიპის შტატში გაიხსნა. უზარმაზარი საწყობია, სადაც დაახლოებით 8000 ადამიანი მუშაობს. მასში სხვადასხვა დეპარტამენტია, ერთ-ერთის რეგიონალური უფროსი მე ვარ, სადაც 500-დან 700-მდე ადამიანი მუშაობს.
ჩემი პირველი პოზიცია რეგიონალური მენეჯერის პირველი დონე იყო. ახლა მეორე დონეზე ვარ, სადაც 1 წელი და 5 თვეა ვმუშაობ. მესამე დონე უკვე რეგიონალური მენეჯერების უფროსს გულისხმობს.

რა სერვისი შესთავაზე ამაზონს და რამ გამოიწვია ამხელა დაინტერესება?
– მუშაობის მეოთხე თვეს, გავიაზრე, რომ ამაზონს, რომელიც ასეთი დიდი კომპანიაა და დაახლოებით ათასამდე სხვადასხვა საიტი, ასევე თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებელი პლატფორმა აქვს, არ ჰქონდა ისეთი ვებ-პლატფორმა, სადაც ყველაფრის ნახვა ერთიან სივრცეში შეგეძლო. რეგიონალური მენეჯერები, ჩვენი ათ საათიანი შიფტის დაახლოებით 5-7 საათს ამ საიტების მოძიებას, ექსელზე გადმოწერას, მათ გახსნასა და ნახვას ვანდომებდით. უდიდესი დრო გვეხარჯებოდა და ხალხთან საუბრის დრო აღარ გვრჩებოდა.
დავფიქრდი, რისი გაკეთება შემეძლო. ზუსტად ამავე პერიოდში Excel vba macros-ით დავინტერესდი: ექსელის დეველოპერ ტაბზე შედიხარ და კოდს გიწერს, რომ საიტები და ინფორმაცია პირდაპირ გადმოწეროს. ერთ-ორ თვეში მიღებული ცოდნის საფუძველზე, ამაზონის 12-13 საიტი გავაერთიანე. მათი ნახვა ერთ ტაბში, ერთიანად არის შესაძლებელი.
თავიდან, ეს პლატფორმა ჩემი და ჩემი გუნდისთვის გავაკეთე, რათა ჩვენი მუშაობა გაგვემარტივებინა. მაგრამ საკმაოდ მალე გავრცელდა: სხვა დეპარტამენტები მთხოვდნენ, სხვა საწყობებიდანაც მწერდნენ, რომ მათთვისაც შემექმნა მსგავსი პლატფორმა.
ამაზონს საიტი აქვს, სადაც მისი ყველა რესურსი თავსდება. შექმნილი პლატფორმა ამ საიტზე დავდე, რათა სხვა საწყობებისთვისაც გამეზიარებინა. კომპანია დაინტერესდა და ამჟამად უკვე დაახლოებით 140 სხვადასხვა საწყობი იყენებს, 13 სხვადასხვა ქვეყანაში.
ჩემს პროგრამას Shrimp ქვია, ჩემს გუნდში და მთელ ამაზონში უკვე ასე მიცნობენ. ამხელა დაინტერესებას არ ველოდი. მისი მეშვეობით, 5 საათის მაგივრად, ყველანაირი ინფორმაციის მოძიება რამდენიმე წუთში შეგიძლია, შესაბამისად ჩვენი მუშაობა ძალიან გამარტივდა.


მისი შექმნის პროცესი რამდენად შრომატევადი იყო?
– კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით არასოდეს მისწავლია, ექსელთან შეხება საერთოდ არ მქონია. ყველაფრის თავიდან სწავლა მომიწია. ამ პლატფორმაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ ნელი აღმოჩნდა, მის შესაქმნელად დაახლოებით 1 თვე დამჭირდა. 11-12 საათიანი მუშაობის შემდეგ, სახლში ვბრუნდებოდი და ყოველდღიურად რამდენიმე საათი ერთ პროგრამაზე ვმუშაობდი, ამიტომაც იმ დღეებში თითქმის არ მეძინა.

პლატფორმის შექმნა 2021 წლის დეკემბერში დავიწყე, იანვარში ჩემი დეპარტამენტი იყენებდა, თებერვალი-მარტის პერიოდში გავრცელება დაიწყო. მაისში მას უკვე სხვადასხვა ქვეყნებში იყენებდნენ.
ამ პლატფორმის 4 ვერსიის შექმნა მომიწია, რადგან პირველი მხოლოდ ჩემს დეპარტამენტზე იყო მორგებული, სადაც საწყობში ნივთების შემოტანა ხდება. სამ სხვა დეპარტამენტს მათზე მორგებული პლატფორმა სჭირდებოდათ. ამჟამად უკვე 4 სხვადასხვა ვერსია არსებობს.
მისი განახლება ყოველთვიურად მჭირდება. რთულია, რადგან როგორც წესი, ამაზონში ასეთ გარცელებულ პროგრამებზე, 3-4 ადამიანი მუშაობს. მათი მოვალეობაა, რომ ეს პროგრამები განაახლონ.
ბუნებრივია, ეს ჩემი მოვალეობა არ არის, უბრალოდ მისი შექმნის საჭიროება დავინახე და მასზე მუშაობა მომინდა. 4 სხვადასხვა პლატფორმის ყოველთვე განახლება ძალიან შრომატევადია და ბევრი დრო მიაქვს, თუმცა ეს ყველაფერი ჩემს თავისუფალ დროს უნდა გავაკეთო. რადგან სამუშაო საათებში სხვა მოვალეობა მაკისრია და არ შემიძლია ეგ დრო პლატფორმის განახლებისთვის გამოვიყენო.

ამ ერთი პროგრამის გარდა, ჩემს მიერ შექმნილი 27 სხვადასხვა პროგრამა მაქვს, მაგრამ ყველა ასეთი გაავრცელებული არ არის. აქედან უმრავლესობას მხოლოდ ჩვენი საწყობი იყენებს.

რა სამომავლო გეგმები გაქვს: ამ კომპანიაში დარჩენას და განვითარებას ფიქრობ, თუ მიღებული გამოცდილების სხვაგან გამოყენება გირჩევნია?
– ამაზონში დარჩენა მინდა, რადგან კომპანია სწრაფად აწინაურებს მონდომებულ თანამშრომლებს, რომლებსაც მუშაობა აინტერესებთ და ამაზონის განვითარებაზე ზრუნავენ. სხვა კომპანიებში ასე არ ხდება, ერთი დონიდან მეორეზე გადასვლას დიდი დრო სჭირდება.
მაგალითად, ჩვენი მთელი საწყობის უფროსი 29 წლის ბიჭია, რომელიც 8000 ადამიანის უფროსია. ანაზღაურებაც ძალიან მაღალი აქვს. კომპანია სწრაფი განვითარების საშუალებას გაძლევს, ამიტომაც აქ დარჩენას ვაპირებ. ჯერჯერობით მინდა, რომ ოპერატიულ სამსახურში დავრჩე. შემდეგ კი ოპერატიულ რეგიონალურ როლზე უფრო მაღალ პოზიციაზე ავიდე და ჩემს დაქვემდებარებაში ბევრი საწყობი იყოს. სამომავლოდ, ჩემს თავს კორპორატიულ სამსახურზეც კი ვხედავ. ჩემი საბოლოო მიზანია, რომ ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე გადავიდე, მაგრამ ეს შორეული გეგმებია.
ამაზონი საკუთარ განვითარებაზე ბევრ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. სულ ვითარდება და სხვა კომპანიებისგან ზუსტად ამით განსხვავდება.

ამაზონში ბევრი ქართველი მუშაობს, შენ თუ შეგხვედრიან კომპანიაში?
– კომპანიაში მართლაც ბევრი ქართველი მუშაობს. საიტი გვაქვს სადაც სახელს და გვარს ჩაწერ და ამაზონის თანამშრომლებს გიჩვენებს. ამ საიტზე გადავამოწმე და ბევრი ქართველი ვნახე. თითქმის ყველა კორპორატიულ სამუშაოებზეა, ან ფინანსთა დეპარტამენტში, ზოგიერთი ტექნოლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს. ოპერატიულ სამსახურებში ჯერჯერობით ვერავინ ვნახე.

ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ამაზონმა თანამშრომლები გაათავისუფლა, რამ გამოიწვია ეს ფაქტი?

– თანამშრომლები მეტამაც გაუშვა, ტესლამაც ბევრი გაათავისუფლა, ახლა მაიქროსოფტიც იგივეს გეგმავს.
ამაზონმა დაახლოებით 10 000 კორპორატიული და ტექნოლოგიური მომუშავე გაუშვა. კომპანიამ ვერ გათვალა, თუ რამდენი კვალიფიციური კადრი სჭირდებოდა. ბევრი ადამიანი დაასაქმეს, ხალხი ოფისებში იჯდა და გასაკეთებელი საქმე არ ჰქონდა.
ბოლო კვირებში ამაზონის, როგორც კომპანიის ღირებულება, 120-დან 87-მდე დაეცა. ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტმა იყო. მიხვდნენ, რომ ცვლილებები უნდა მოეხდინათ და ისეთი პოზიციები შეემცირებინათ, სადაც ბევრ თანხას იხდიდნენ.
ასეთები ტექნოლოგიური და კორპორატიული სამუშაო როლები იყო. გაათავისუფლეს ძველი თანამშრომლები, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ და კომპანიაში ძალიან დიდი დრო გაატარეს. ამ 10 000-დან ნაწილი ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც გასაუბრება გაიარეს, თუმცა მუშაობის დაწყება ვერ მოასწრეს – მათი გაშვება მოუწიათ.
შემცირება მსოფლიოს მასშტაბით მოხდა, ძალიან ბევრი გაუშვეს ინდოეთში, გერმანიაში, იაპონიაში.
გათავისუფლება ოპერატიულ სამსახურებს არ შეხებია. არც ბოლო დროს აყვანილი ახალი კვალიფიციური კადრები გაუშვიათ.

ბოლო დროინდელი გათავისუფლებების მიუხედავად, ამერიკული კომპანია ახალი კვალიფიციური თანამშრომლების მიღებას არ წყვეტს. საინტერესოა, რომ 2020 წლის მონაცემებით, ამაზონში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1,298,000 იყო. გიორგი ბერუაშვილი იმ წარმატებულ ქართველებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

წინა სტატიაGoogle 392 მილიონ დოლარს გადაიხდის აშშ-ში მომხმარებლების უკანონო მეთვალყურეობისთვის
შემდეგი სტატიაკრეიგ ფედერიგი აღიარებს, რომ Apple-ის ბეტა პროგრამა არ არის ეფექტური

1 კომენტარი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი