ცოტა ხნის წინ კომპანია Georgian Water and Power-მა (GWP) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის ახალი პროექტი განახორციელა.
პროექტის მიზანი ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების და მაგისტრანტების მოზიდვა იყო.
კრეათონზე, რომელსაც საქართველოს ტექნოლოგიურმა პარკმა უმასპინძლა, 15-მა სამუშაო ჯგუფმა GWP-ის მენტორებთან ერთად წყალმომარაგების სფეროს ინოვაციურ იდეებზე იმუშავა და პროექტები პრეზენტაციის სახით წარადგინა.
ჟიურიმ სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა და მათ ფულადი პრიზები გადასცა:
I ადგილი – გუნდი “გამბუზია” (აგრარული უნივერსიტეტი)
II ადგილი – გუნდი “ნოვატორები” (თსუ, სტუ)
III ადგილი – გუნდი “FOGY” (სან დიეგოს უნივერსიტეტი)
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: კომპანია Georgian Water and Power-ის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ოპერაციების დირექტორი მამუკა კიკალიშვილი, კომუნიკაციების დირექტორი ეკატერინე ბერიძე, ფინანსური დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი, ასევე, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრო სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში აკაკი ფაღავა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტმენტის უფროსი ელზა ჯგერენაია.
გამარჯვებულები კომპანია Georgian Water and Power-ში სტაჟირების სამთვიან პროგრამას გაივლიან შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ისინი სტაჟირების პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ეხება, თვეში 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ.
GWP წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.