საზოგადოებრივი მაუწყებელი მომხმარებელს ქართული ონლაინ თამაშის “მარტივი ლოგიკის” განახლებულ ვერსიას სთავაზობს.
მობილური აპლიკაციის ახალი ვერსია თამაშების ინდუსტრიაში არსებული თანამედროვე ტენდენციების მიხედვით შეიქმნა, ახალი ფუნქციები დაემატა და ინტერფეისიც შეიცვალა.
პროექტის მენეჯერის, თამარ ციციშვილის თქმით, ამ პროექტზე მუშაობა დიდი ხანი მიმდინარეობდა. მისივე განმარტებით, ძველის განახლების მაგივრად, სრულიად ახალი ვერსია შეიქმნა.
გასართობ-შემეცნებითი ონლაინ თამაში ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში საკმაოდ პოპულარულია.
პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განმარტებით, “მარტივი ლოგიკა” საერთაშორისო თამაშია, რომლის ლიცენზია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინა. მისივე თქმით, ონლაინ თამაში ქართულ ენასაც უწევს პოპულარიზაციას: მომხმარებელს ენის სწავლაში, მეხსიერების გავარჯიშებაში და სწრაფ აზროვნებაში ეხმარება.
“მარტივი ლოგიკა” პირველი არხის სატელევიზიო შოუა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილემ სხვადასხვა ტური უნდა გადალახოს და შესაბამის საპრიზო თანხას მიიღებს.
“მარტივი ლოგიკის” აპლიკაცია 2018 წელს სატელევიზიო შოუს მიხედვით შეიქმნა. გადაცემამ სმარტფონებში გადმოინაცვლა და ათასობით მომხმარებელიც შეიძინა. შოუს მსგავსად, მობილურ მოწყობილობაში თამაშიც მომგებიანია. სხვადასხვა ტურის გავლის შემდეგ, თუ მომხმარებელი შესაბამის ქულებს დააგროებს და პირველ ათეულში მოხვდება, მაშინ დაჯილდოვდება კიდეც.
წესები საკმაოდ მარტივია. ორ ფოტოს შორის ლოგიკური კავშირი უნდა იპოვოთ და ქულები დააგროვოთ.