მალე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მზის ფოტოვოლტური სისტემები განთავსდება. ისინი საშუალებას იძლევა, მზის ენერგიით მიღებული, მავნე ემისიისგან თავისუფალი, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიით მომავალი სასწავლო წლიდან სრულად მომარაგდეს ილიაუნის F და G კორპუსები. მისი სიმძლავრე 35 კილოვატი იქნება. ამ მასშტაბის მზის ენერგიის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.
ყველაფერი კი 2010 წლის 16 ივნისს დაიწყო, როდესაც პროექტისთვის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვა საქართველოში“, იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას 480 000 000 იაპონური იენა გამოუყო.
ეფექტური დახმარების გაწევის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა ბრიტანულ კომპანიასთან Crown Agents, როგორც ეს მითითებულია ნოტების ურთიერთგაცვლის დანართში – „მოლაპარაკებების ოქმი“, პუნქტი 2 (1), რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობის სახელით.
Crown Agents-ის მიერ ჩატარებული ტენდერის შემდეგ გადაწყდა, რომ პროექტს განახორციელებს ITOCHU Corporation და ორი ქვეკონტრაქტორი – შპს Fuji Furukawa Engineering & Construction და ქართული სამშენებლო კომპანია შპს „გრუსია“. ისინი სახელმწიფოსგან მიღებული ყველა შესაბამისი საბუთისა და ნებართვის საფუძველზე აწარმოებენ სამუშაოებს.
პროექტს ორი ბენეფიციარი ჰყავს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის 13 ნოემბერს დაიწყო ჯერ თბილისის აეროპორტში, ოდნავ მოგვიანებით კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2016 წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.
პროექტი, გარდა იმისა, რომ არის ეკომეგობრული, საკმაოდ ეფექტიანიცაა, ვინაიდან მზის ენერგია ელექტროენერგიას გამოიმუშავებს დაწესებულებისთვის ყველაზე უფრო საჭირო დროს – სამუშაო საათებში. ამასთან, ის მხოლოდ საწყის ინვესტიციას მოითხოვს და მისი შემდგომი ოპერირებისთვის დანახარჯები საჭირო არ არის. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ელექტროენერგიაზე თვეში 23 000 ლარის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
პროექტის ფარგლებში ილიაუნი მიიღებს არა მხოლოდ ალტერნატიულ, განახლებად, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას, არამედ იაპონური მხარის მიერ მომზადებულ და სათანადოდ აღჭურვილ ლაბორატორიასაც, რომელშიც ეკოლოგიის მიმართულების მკვლევარები და სტუდენტები იმუშავებენ. აქვე გაიმართება სკოლის მოსწავლეებისა და ფართო საზოგადოებისთვის საჩვენებელი საგანმანათლებლო ტურები – ვიზიტორები თვალნათლივ ნახავენ, რას წარმოადგენს მზის ენერგია, როგორ მიიღება მისგან ელექტროენერგია, რა ეკოლოგიური სიკეთე მოაქვს მზის ენერგიის განვითარებას და სხვა.