დრონების პოპულარობა მათ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იზრდება და უფრო და უფრო მეტი დეველოპერი ცდილობს ეს მზარდი სეგმენტი აითვისოს იქამდე, სანამ ბაზარი გაჯერდება. ერთ-ერთი ასეთი მწარმოებელი კი ყველასათვის კარგად ცნობილი Xiaomi გახლავთ, რომელიც ერთობ პოპულარული „ფლაგმანების მკვლელი“ MI სერიის სმარტფონებით გახლავთ ცნობილი ფართო აუდიტორიისთვის. ამჯერად მათ ბევრი არ უფიქრიათ სახელის მოფიქრებაზე და საზოგადოებას წარუდგინეს Xiaomi Mi Drone. პირველ რიგში, Xiaomi ცდილობს იმოქმედოს უწინდელი სტრატეგიით – იაფად, მაგრამ არა წარმადობის ხარჯზე. ეს ტაქტიკა კი აუცილებელიცაა, როდესაც პოტენციურ კონკურენტად DJI მოიაზრება და ამ უკანასკნელის ქმნილებები კი ნამდვილად არ გახლავთ იაფი.

3

Xiaomi Mi Drone გაბარიტებით და მასით (დაახლოებით 1.3 კილოგრამი) თითქმის DJI Phantom 4-ის თანაბარია, თუმცა კონსტრუქციულად იდენტური ნამდვილად არ გახლავთ. საფრენოსნო მონაცემები, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი დრონისათვის გადამწყვეტი მაჩვენებლებია და ამ კუთხით ოდნავი ჩამორჩენაც კი გარანტირებულად უკან წევს მას კონკურენტებთან მიმართებაში. ამ მხრივ Xiaomi Mi Drone საკმაოდ კარგ საფრენ აპარატს წარმოადგენს. მას შეუძლია 120 მეტრ სიმაღლეზე ფრენა, ყოველ წამში 6 მეტრი სიმაღლის აღება და 1.5 მ/წმ სიჩქარით დაშვება. ჰორიზონტალური ფრენის სიჩქარე კი 18 მ/წმ-ს შეადგენს. რასაკვირველია, ეს Xiaomi Mi Drone-ს სულაც არ აქცევს სარბოლო დრონად, მაგრამ ფოტო-ვიდეო გადაღებებისთვის სრულიად საკმარისია.

5

ჯერჯერობით ერთადერთი დეტალი, რომელიც ყველა დრონის აქილევსის ქუსლს წარმოადგენს და ყველაზე ნელი ტემპებით იხვეწება და ვითარდება, გახლავთ ავტონომიურ რეჟიმში მუშაობისათვის აუცილებელი კვების წყარო – მუდმივი დენის ბატარეა. ეს უკანასკნელი კი ერთდროულად უნდა კვებავდეს როგორც დრონის ელექტროძრავებს, ისე მართვის სისტემებს და ვიდეოკამერას. Xiaomi Mi Drone-ის შემქმნელები მაქსიმუმ 27-წუთიან ფრენას გვპირდებიან ვიდეოჩაწერის ფუნქციის არგამოყენების შემთხვევაში. რეალურად რამდენ ხანს იფრენს ერთი დამუხტვით ეს აპარატი, ჯერ უცნობია. ელემენტის მოცულობა კი სულ რაღაც 5200 მილიამპერსაათია.

6

კამერა Xiaomi Mi Drone-ს ორი სხვადასხვა მოდიფიკაციით გააჩნია. შედარებით ბიუჯეტური ვარიანტის შემთხვევაში გვხვდება 16-მეგაპიქსელიანი ვიდეოკამერა 1080p გარჩევადობის ვიდეოს გადაღების უნარით, f2/6 დიაფრაგმითა და 104–გრადუსიანი ხედვის კუთხით მაშინ, როცა უფრო სოლიდური მონაცემების ანალოგიურ მოწყობილობას ვიღებთ შედარებით ძვირადღირებული მოდელის შეძენის შემთხვევაში: 12 მეგაპიქსელი, f2.8 დიაფრაგმა და 3840 x 2160 რეზოლუცია, რომელიც 4K-ს სახელით უფროა ცნობილი და მალე დე ფაქტო სტანდარტად იქცევა მაღალი გარჩევადობის ვიდეოგამოსახულებისა.

7

Xiaomi Mi Drone-ის მართვის პულტი საკმაოდ მოსახერხებელია და საშუალებას იძლევა მარტივად გადაერთოს მასზე სხვა დრონების მართვაში დახელოვნებული მომხმარებელი. დრონთან კავშირისას გამოიყენება 2426.5-2461 MHz სიხშირის დიაპაზონი და შედარებით სუსტი მოდელის შემთხვევაში მანძილი 1000 მეტრით შემოიფარგლება, ხოლო უფროსი ძმის შემთხვევაში კი სრული 2000 მეტრით. პულტზე განლაგებული სამაგრები თითქმის ყველა ზომის სმარტფონის დამაგრების საშუალებას იძლევა, რაც შესაძლებელს ხდის Live რეჟიმში 720p გარჩევადობის გამოსახულების მიღებას Xiaomi Mi Drone-დან. GPS და GLONASS სისტემები კი თავის მხრივ უზრუნველყოფენ დრონის ორიენტირებას გარემოში და ავტონომიურ რეჟიმში მიფრენა-დაჯდომას წინასწარ მითითებული კოორდინატების შესაბამისად.

წინა სტატიაWindstalk – ქარის ენერგია და არა მხოლოდ
შემდეგი სტატიაWatch2pay – მაჯის საათი უკონტაქტო გადახდის სისტემით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი