NAS მოწყობილობები უკვე წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობენ. პირველ რიგში ამას განაპირობებს დიდი მოთხოვნა მონაცემთა შესანახი ლოკალური და არამარტო სივრცის არსებობაზე. ასევე დროის სვლასთან ერთად პროპორციულად იზრდება მყარი დისკების მაქსიმალური მოცულობები და 6 და 8–ტერაბაიტიანი მოცულობის HDD-ები უკვე თავისუფლად ხელმისაწვდომი გახლავთ. ლოგიკურად ეს ყველაფერი გავლენას ახდენს NAS-ებისთვის საჭირო სოფტის განვითარებაზე. ამ მხრივ ორი ტენდენცია შეიძლება გამოვყოთ: პირველი, როცა აპარატურის მწარმოებელი კომპანია თავად ქმნის კონკრეტულად მისი პროდუქტისთვის უნიკალურ პროგრამულ უზრუნველყოფას და მეორე – უფასო ალტერნატივები *NIX ოჯახიდან. ამჯერად ამ უკანასკნელის ერთ-ერთ წარმომადგენელს მიმოვიხილავთ.
EasyNAS არც ისე დიდი ხანია რაც არსებობს, თუმცა მისი ბექგრაუნდი გვაფიქრებინებს, რომ ის საკმაოდ სტაბილური და სერიოზული პროექტია. დეველოპერებმა საწყის სისტემად openSUSE აირჩიეს და EasyNAS მასზე დაფუძნებით შექმნეს. შედეგად ახალმა სისტემამ მემკვიდრეობით მიიღო ისეთი ფაილური სისტემის მხარდაჭერა, როგორიც Btrfs გახლავთ. ეს კი მის ფარგლებში ინფორმაციის საიმედოდ შენახვას უზრუნველყოფს. Linux ოპერაციულმა სისტემამ ასევე უზრუნველყო ისეთი საკომუნიკაციო და ფაილური ტრანსფერის პროტოკოლების მხარდაჭერა, როგორებიცაა: CIFS, NFS, AFP, FTP, HTTP, SCP, DLNA და TFTP.
საინსტალაციო ფაილის ჩატვირთვისთანავე შესაძლებელია IP მისამართების გაწერა, DNS-ების მითითება და ადმინისტრატორის პაროლის დაყენება. ყველა შემდეგი კონფიგურაციისთვის განკუთვნილია ბრაუზერი და EasyNAS-ის მორგება საკუთარ გემოზე უკვე HTTP და HTTPS პროტოკოლების გავლით ხდება 1080 და 1443 პორტებზე. სურვილის შემთხვევაში სტაჟიან Linux იუზერებს შეუძლიათ OpenSSH გამოიყენონ და cli-დან მოახდინონ NAS-ის ადმინისტრირება. რეალურად რამდენად მოსახერხებელი იქნება ეს ყოველდღიური რუტინული საქმისთვის ძნელი სათქმელია, თუმცა თრაბლშუთინგის თვალსაზრისით, ძალზედ საჭირო ფუნქცია ნამდვილად გახლავთ. დანარჩენი ქსელური სისტემების ჩართვა/გამორთვა, მსგავსად OpenSSH-სა, მაუსის ერთი კლიკით არის შესაძლებელი.
EasyNAS-ის ვებ ინტერფეისი საკმაოდ მოსახერხებელი და ინტუიტიურია. მარცხენა პანელი გვერდების ჩამონათვალს ეთმობა, ხოლო მარჯვნივ კი ის კონკრეტული გვერდი გამოისახება, რომელსაც ავირჩევთ. პირველი და ერთ-ერთი ძირითადი მათგანი სისტემური კატეგორიის გვერდების ჯგუფია. აქედან შეგვიძლია თვალი ვადევნოთ NAS-ის ფიზიკურ პარამეტრებს, ასე მაგ: CPU-ს დატვირთვის მაჩვენებელს, გამოყენებულ ქსელის ინტერფეისებს, ოპერატიული მეხსიერების სრულ და ათვისებულ მოცულობას და ა.შ. აქედანვე არის შესაძლებელი სისტემის კონფიგურაციის ცვლილება, სერტიფიკატების დამატება და ა.შ. Power Management ტაბი-დან ხდება NAS-ის გადატვირთვა ან სულაც გამორთვა, ხოლო Scheduler გვერდიდან კი შეგვიძლია წინასწარ დაგეგმილი ამოცანების გაწერა, მათ შორის rsync-ის დაკონფიგურირება ბექაფისთვის. ეს უკანასკნელი EasyNAS-ის შემთხვევაში მუშაობს ისე, როგორც ყველა სხვა Linux დისტრიბუტივისთვის.
ცალკეა გამოყოფილი იუზერების ანგარიშთა საკონტროლო პანელი. აქედან შესაძლებელია მარტივად დავამატოთ ან წავშალოთ მომხმარებლები, გავუწეროთ მათ სხვადასხვა უფლებები და პაროლები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც Storage განყოფილებაა. სწორედ აქ ხდება ახალი ფიზიკური დისკების დამატება. ამის შემდეგ საჭიროა დისკი დაფორმატდეს და საჭიროების შემთხვევაში შემოწმდეს დეფექტებზე, რასაც სისტემა თავადაც ართმევს თავს. ფაილური სისტემის მინიჭების შემდეგ კი დისკი ემატება საერთო მოცულობას და შესაძლებელი ხდება იმ სერვისების გამოყენებით ფაილების შენახვა/გაზიარება, რომლებზეც ზემოთ მივუთითეთ.
ზოგადად EasyNAS საკმაოდ მსუბუქი დისტრიბუტივია, იგი დაუტვირთავ რეჟიმში 50 მეგაბაიტამდე ოპერატიულ მეხსიერებას თუ მოიხმარს, თუმცა, ბუნებრივია, სერვისების ჩართვასთან ერთად ეს მაჩვენებელი იზრდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ გახლავთ ისეთი მრავალფუნქციური, როგორიც FreeNAS არის, თუმცა Btrfs-ის, მარტივი ვებ ინტერფეისის და საჭირო უტილიტების გამოყენებით EasyNAS მაინც გვთავაზობს საკმაოდ user friendly გარემოს, რომელიც მარტივია ადმინისტრირებისთვის როგორც გამოცდილი მომხმარებლებისთვის, ისე სტაჟიანი სპეციალისტებისთვისაც.