დღეს კომპანია Xiaomi-მ მისი ფლაგმანური სმარტფონი Mi 9 წარმოადგინა. სმარტფონს აქვს 6.39 დიუმიანი AMOLED ეკრანი Full HD+ გარჩევადობით და მას წინა პალენლის 90,7% უკავია. ეკრანის გარშემო სულ მცირე 3,6 მილიმეტრიანი ჩარჩოა.

კორპუსის სისქე 7.61 მილიმეტრია. სმარტფონი ძალიან მსუბუქია და 173 გრამს იწონის, რაც მისი მონაცემების მქონე მოწყობილობისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ეკრანში ჩაშენებულია მე-5 თაობის ოპტიკური ანაბეჭდების სკანერი, რომლის მუშაობის სისწრაფე სხვებთან შედარებით 25%-ით არის გაუმჯობესებული. ეკრანი ასევე დაცულია Gorilla Glass 6 დამცავი შუშით.

კორპუსიც ორიგინალური ტექნოლოგიითაა შექმნილი და მისი შეფერილობა რამდენიმე ფერის კომბინაციის გრადაციებისგან შედგება. Xiaomi-ს ამ შემთხვევაში გამოყენებული აქვს ლაზერული ჰოლოგრაფიის ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ორი ფერის გადასვლით მიიღება.

უკანა პანელზე ყურადღებას იქცევს მთავარი კამერის ბლოკი, რომელიც უჟანგავი ფოლადისაა ხოლო ზევიდან საფირონის დამცავი შუშა აქვს.

Mi 9 აგებულია Qualcomm Snapdragon 855-ის ბაზაზე და მას რეკორდული მაჩვენებელი აქვს სინთეტიკურ ტესტებში. რა თქმა უნდა მომავალში მას აუცილებლად გაასწრებს რომელიმე სხვა ფლაგმანი, მაგრამ დღეისათვის ის აბსოლუტური ჩემპიონია Android-ის მართვის ქვეშ.

ოპერატიული მეხსიერება LPDDR4X სტანდარტის შესაბამისია, ხოლო შიდა მეხსიერებაში გამოყენებულია UFS 2.1 ფლეშ მოდული.

Xiaomi-ში ამბობენ, რომ Mi 9 უფრო მეტად არის ადაპტირებული მობილური გეიმინგისთვის ვიდრე მისი კონკურენტები Huawei Kirin 980 პროცესორზე. ამის მიზეზი Game Turbo ტექნოლოგიაა, რომელიც Adreno 640 GPU-ს წარმადობას 20%-ით ზრდის.

სმარტფონის ფოტოგრაფიულ შესაძლებლობებს Sony IMX586 კამერის მოდული უზრუნველყოფს, რომელსაც 48 მეგაპიქსელი გარჩევადობა აქვს. მას 6 ელემენტიანი ოპტიკური სისტემა აქვს, რომელსაც 79 გრადუსიანი ხედვის კუთხე და მაქსიმალური დიაფრაგმა F/2,75 აქვს. არასაკმარისი განათებისას პიქსელები ერთიანდება 1/4-შეფარდებით და მათი ფართობი 1,6 მიკრომეტრამდე იზრდება და შედეგად 12 მეგაპიქსელიან, მაგრამ საკმარისად ნათელ ფოტოს ვიღებთ.

დამატებითი ორი სენსორი 16 მეგაპიქსელიანია და მას უფრო ფართო კუთხის მქონე ობიექტივი აქვს და 2X ოპტიკური ზუმი შეუძლია. მთავარ კამერას ჰიბრიდული ფაზური და კონტრასტული ავტოფოკუსი აქვს. ასევე არის ლაზერული ფოკუსირების სიტემაც, რაც არასაკმარისი განათებისას გამოიყენება.

Mi 9 ავტომატურად გახდა Xiaomi-ს საუკეთესო კამერაფონი DxOMark-სი 107 ქულით და პირდაპირ მე-3 ადგილზე განთავსდა, რითაც Galaxy Note 9-სა და iPhone XS Max-ს აჯობა.

სიახლეს უკაბელო დამუხტვის სისტემა აქვს, რომელიც ძალიან სწრაფია. კომპლექტში მოთავსებული დამტენით სმარტფონი სრულად 1 საათში იმუხტება. აკუმლატორის მოცულობა 3300 მილიამპერია.

საბაზისო მოდელის ღირებულება 6 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 128 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერებით 445$ იქნება. მეორე ვერსია 8/128 – 490$ იქნება. ტოპ მოდელი გამჭვირვალე უკანა კორპუსით, 12 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით 595$ ეღირება.




პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here