უკვე საკმაო ხანია, რაც Linux ოპერაციული სისტემების მობილურ პლატფორმებზე გადაბარგება დაიწყო და ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი Ubuntu Phone გახლავთ. Canonical, რომელიც ყველაზე პოპულარული Linux დისტრიბუტივის – Ubuntu-ს დეველოპერია, ერთდროულად რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობს ამ კუთხით და მათ შორის ისეთი ჩინური კორპორაციაც მოხვდა, როგორიცაა Meizu. ეს უკანასკნელი ანდროიდ სმარტფონების წარმოებით გახლდათ დაკავებული დაარსების დღიდან და ორიენტირი მაღალი ტექნიკური მონაცემების მქონე შედარებით დაბალფასიანი მოწყობილობების გამოშვებაზე ჰქონდა აღებული. მათი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი კი Meizu Pro 5 გახლავთ, რომელიც ერთდროულად ორ პლატფორმაზე გვევლინება: Android და Ubuntu Phone. ჩვენი ინტერესის არეალში ამჯერად Ubuntu Phone ვერსია მოექცა.

ubuntu-phone-15-04-settings-small

Meizu Pro 5 სადა დიზაინის მქონე მომცრო შეფუთვით იყიდება. ყუთში სმარტფონთან ერთად აუცილებლად აღმოაჩენთ USB-C ტიპის კაბელს. ეს ინტერფეისი თანდათან იმკვიდრებს ადგილს სმარტფონების ინდუსტრიაში და მალე ალბათ დეფაქტო სტანდარტადაც მოგვევლინება. თავად სმარტფონიც არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული გარეგნული ნიშანთვისებებით, თუმცა ამ კუთხითაც ნაკლებად ღირს მისი შეფასება, რადგან ამ ოპერაციული სისტემით თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის აპარატები თუ არსებობენ და არჩევანიც არც ისე დიდია, დიზაინის ფაქტორით რომ ვიღებდეთ გადაწყვეტილებას შეძენის პროცესში. რაც ძალიან მომეწონა Meizu Pro 5-ში, ეს MicroSD ბარათის სლოტი გახლავთ. ბოლო დროს დამკვიდრებული ტენდენცია ამ უკანასკნელის არარსებობისა, საკმაოდ არაკომფორტულია ბევრი მომხმარებლისთვის, რომელთათვისაც შემნახველი მეხსიერების გაზრდის საკითხი აქტიურად დგას დღის წესრიგში.

ubuntu-phone-15-04-today-scope-small

ოპერატიული მეხსიერება სმარტფონებისთვის ერთ დროს ნაკლებად მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარე გახლდათ, მაგრამ არა ახლა. დღეს 3 GB და მეტი მოცულობის RAM მინიმუმია წარმადობაზე ორიენტირებული დივაისისთვის. Meizu Pro 5-ის შემთხვევაში სრული 3 გიგაბატი გვაქვს, თუმცა აქედან ერთი გიგაბაიტი სისტემას აქვს დაკავებული მუდმივად, ხოლო აპლიკაციებისათვის კი დარჩენილი ორი გიგაბაიტი გამოიყენება. არც ისე ურიგო მაჩვენებელია ერთი შეხედვით. რაც შეეხება შემნახველ მეხსიერებას, აქ დაახლოებით 26 GB არის მომხმარებლისთვის დარჩენილი, თუმცა ეს ნამდვილად არ გახლავთ სერიოზული პრობლემა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Meizu Pro 5-ს MicroSD ბარათების მხარდაჭერა გააჩნია, რაც შემნახველი მეხსიერების სიმცირის პრობლემას ავტომატურად ხსნის.

პროგრამული უზრუნველყოფა ყველაზე საინტერესო ასპექტია Meizu Pro 5-ის შემთხვევაში. Ubuntu Phone ოპერაციული სისტემა ძირეულად დაფუძნებულია Ubuntu 15.04 ვერსიაზე და განახლებებს იღებს პირდაპირ Canonical-დან. გრაფიკული გარსი ინტუიტიური და ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია. ვიჯეტები მრავალფეროვანია და რაღაცით K Desktop-თან ასოციაციასაც კი იწვევს. რეალურად კი ნებისმიერ მომხმარებელს, მიუხედავად მისი ბექგრაუნდისა, უპრობლემოდ შეუძლია ამ სმარტფონის სამომხმარებლო დონეზე გამოყენება და ოპერაციული სისტემის სახელწოდება სულაც არ მიუთითებს რაიმე განსაკუთრებული Linux უნარ-ჩვევების ქონის აუცილებლობაზე.

ნებისმიერი ოპერაციული სისტემისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი აპლიკაციების ბაზა. ამ შემთხვევაში Meizu Pro 5-ზე მოკალათებული Ubuntu Phone კარგად ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს. Ubuntu Store შეიძლება პროგრამული ხელოვნების შედევრი არაა, მაგრამ ფუნქციურად საკმაოდ კარგადაა მოწყობილი. საკმარისია აპლიკაციის ხატულაზე დაკლიკვა და მყისიერად გამოჩნდება მისი მოკლე ანოტაცია და სკრინშოტები. პროგრამული უზრუნველყოფის ბაზა კი მართლაც დიდია და არჩევანიც ფართო. რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს თანდართული აპლიკაციების წაშლის საშუალებაა, რაც ე.წ. Bloatware-ის მოშთობის საშუალებას იძლევა. Meizu Pro 5-ის საორიენტაციო ფასი $369 გახლავთ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here