კომპნია Samsung-მა როგორც იქნა წარმოადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონები: Galaxy S8 და Galaxy S8 Plus. მოწყობილობებს დიდი ეკრანი, მინიმალური ზომის ჩარჩოები, ხმოვანი ასისტენტი Bixby და მაღალი ფასი აქვს.

Samsung-მა ახალი ფლაგმანების სახელებში Apple-ის მსგავსად Plus სუფიქსი გამოიყენა და Edge ვერსიის ცალკე გამოშვებაზე თქვა უარი. ორივე სმარტფონს ნაპირებზე მომრგვალებული ეკრანი აქვს, თუმცა ძველ Edge-თან შედარებით სიმრგვალე შესამჩნევად ნაკლებია.

კორპუსის კონსტრუქცია არ შეცვლილა და Galaxy ფლაგმანების ტრადიციას აგრძელებს. სმარტფონი შუშისაა და მთავარი ჩარჩო მეტალისგან არის შესრულებული. მარცხენა ნაპიზე გამოჩნდა ახალი ღილაკი, რომელიც Bixby-ს გამოიძახებს.

Galaxy S8-ში ასევე არ არის ფიზიკური და სენსორული ღილაკები ეკრანის ქვეშ და ფუნქციონალურმა კლავიშებმა საოპერაციო სისტემის ინტერფეისში გადაინაცვლეს. თითის ანაბეჭდების სკანერი უკანა პანელზე გადავიდა და კამერის მოდულის მარჯვნივ დაიკავა ადგილი. რამდენად გაამართლებს ეს მხოლოდ მომხმარებლებზეა დამოკიდებული. გათავისუფლებული ადგილი ეკრანის დიაგონალის გაზრდაზე დაიხარჯა და ახლა უკვე 5,8 და 6,2 დიუმიანი ეკრანი გვაქვს Galaxy S8-სა და S8 Plus-ში შესაბამისად.

Samsung-მა არა მხოლოდ გაზარდა ეკრანის დიაგონალი პროპორციულად, მათ ასევე შეცვალეს თანაფარდობაც. ჩვეულებრივი 16:9-ის ნაცვლად Galaxy S8-ში შეფარდება 18,5:9-ზე გახდა. ახალი სმარტფონები უფრო წაგრძელებულია და ამით მათი სიგანე თითქმის არ გაზრდილა. კორპუსი დაცულია წყლისა და მტვრისაგან IP68 სტანდარტის შესაბამისად, რაც მას 1,5 მეტრის სიღრმეში ჩაძირვისგან 30 წუთის განმავლობაში დაიცავს. ფლაგმანს უკვე USB Type-C კონექტორი აქვს, მაგრამ 3,5 მმ. აუდიო შენარჩუნდა.

ახალი ფლაგმანი 7 თაობის ტრადიციას არ ღალატობს და Galaxy S8-ში Super AMOLED ეკრანია დაყენებული, რომლის გარჩევადობა S8-სა და S8 Plus-ში ერთი და იგივეა QHD (2960×1440). Galaxy სმარტფონები პირველია, რომლებმაც Mobile HDR Premium-ის მხარდაჭერა მიიღო.

Galaxy ფლაგმანები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით. მთავარი კამერის გარჩევადობა უცვლელი დარჩა და ის 12 მეგაპიქსელიანია. არ შეცვლილა დიაფრაგმაც და ის f/1,7-ია, მაგრამ შეიცვალა სელფის კამერა, რომელიც უკვე 8 მეგაპიქსელია და ავტოფოკუსიც აქვს.

წინა კამერის გვერდზე დაემატა ისეთივე თვალის ბადურის სკანერი, როგორიც მრავალტანჯულ Note 7-ში გამოიყენებოდა. ეს ბიომეტრიული ავტორიზაციის დამატებითი საშუალებაა, რომლის საშუალებითაც საკმარისია მხოლოდ შეხედოთ ეკრანს და ტელეფონი განიბლოკება.

Galaxy S8 და S8 Plus ტექნიკური მონაცემებით იდენტურია. გაყიდვების რეგიონის მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება საფირმო Exynos 8895 პროცესორითა და Snapdragon 835-ით აღჭურვილი ვერსიები.

ყველა მოდელისთვის ოპერატიული მეხსიერების ზომა ერთნაირია და 4 გიგაბაიტს შეადგენს, იდენტურია შიდა მეხსიერების ოდენობაც, რომელიც 64 გიგაბაიტია. რა თქმა უნდა სმარტფონებს აქვთ microSD ბარათების სლოტიც.

უმთავრესი პროგრამული სიახლე ახალი პორტატიული ასისტენტია. კომპანის მასზე ძალიან დიდი იმედები აქვს დამყარებული, რაც იმითაც გამოიხატება, რომ კორპუსზე მის გასაშვებად სპეციალური ღილაკიცაა დამატებული.

Bixby-ს შექმნისას კომპანიაბ ბევრი იმუშავა იმაზე, რომ ასისტენტი ადამიანური და მეგობრული ყოფილიყო. Samsung-მა განაცხადა, რომ ასისტენტს შეუძლია ყველა ფუნქციის ჩანაცვლება, რომელიც თაჩ ინტერფეისით ხორციელდება. ყველა ბრძანება ახლა უკვე შეიძლება ხმით შესრულდეს. ამავდროულად Bixby-ს ესმის კონტექსტი და ბრძანების პირობები, როგორიცაა გაშვებული აპლიკაციები, ადგილმდებარეობა, ამინდი და ა. შ. კითხვების დასმა შესაძლებელია თავისუფალი ფორმით, სპეციალურად მომზადებული და ნასწავლი ზუსტი ფორმულირების გარეშე.

Galaxy S8-თან ერთად წარმოადგინეს დოკ-სადგური, რომელიც სმარტფონს ერთგვარ კომპიუტერად გადააქცევს. მოწყობილობას Ethernet, ორი USB 2.0 და ერთი USB Type-C პორტი აქვს. არის HDMI პორტიც, რომლის საშუალებითაც დოკი მონიტორს უერთდება.

სმარტფონის დოკ-სადგურზე მიერთებისას დიდ ეკრანზე გადამუშავებული ინტერფეისი გამოისახება, რომელიც ადაპტირებულია მაუსით და კლავიატურით მართვისათვის.  სისტემას აქვს Microsoft Office, Adobe Reader-ის და Lightroom Mobile-ის მხარდაჭერა.

ახალი ფლაგმანები 100 დოლარით გაძვირდა წინა მოდელებთან მიმართებაში. Samsung Galaxy S8 799 დოლარი ეღირება, ხოლო S8 Plus – 899 დოლარი იქნება.

პრეზენტაციის ვიდეო ტრანსლაცია:

წინა სტატიაელონ მასკის ახალი კომპანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან შეერთებაზე მუშაობს
შემდეგი სტატიაბიტკასტი – ეპიზოდი 4

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი