საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000  ლარიანი  თანადაფინანსების  გრანტების  პროგრამის  მეცხრე  რაუნდი მიმდინარეობს. პროგრამის მე-9 რაუნდში  ჯამში  207 განაცხადი  დარეგისტრირდა.  ფინალური  ეტაპისთვის  51 სტარტაპი  შეირჩა. მათ 7 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის სილიკონ ველიდან მოწვეული მენტორები მოამზადებენ. ესენი არიან: კრისტოფერ ბერი, გეილ კრისტინ განონი, გედეონ მარკსი, ბენ კონორსი და ლუან კონერი.

ფინალისტები 2-4  დეკემბერს  150.000  ლარიანი  გრანტის  მოსაპოვებლად,  თბილისის ტექნოპარკში  საერთაშორისო ვენჩურული  ინვესტორების  წინაშე  წარსდგებიან.

პროგრამის მიზანია საქართველოში,  საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება- ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის  სტიმულირება.

აღნიშნული საგრანტო პროგრამის განხორციელება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2018  წლიდან  დაიწყო.  მის ფარგლებში, ჯამში 155 განაცხადი დაფინანსდა. 2022 წლიდან პროგრამის განხორციელება უკვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება.

“ნავიგატორი” თანადაფინანსების გრანტების კოორდიანტორს, გიორგი  ბაგაშვილს ესაუბრა.

“ამ პროგრამის ფარლგებში უკვე მეცხრე რაუნდია გამოცხადებული. 2018 წლის მდგომარეობით, ეს იყო საქართველოში სტარტაპების დაფინანსებისთვის დაფინანსების მოპოვების ერთადერთი ხელმისაწვდომი გზა. იმ პერიოდში არ არსებობდა მსგავსი პროგრამები, არც კერძო ვენჩურული ფონდები და აქსელერატორები ოპერირებდნენ ქართულ ბაზარზე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ  ამ  პროგრამამ  მნიშვნელოვნად  შეუწყო  ხელი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

პროგრამის ზოგადი სტრუქტურა 2018 წელს ჩამოყალიბდა მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით. შემდგომ პერიოდებში მიღებული შედეგებიდან და იდენტიფიცირებული პრობლემებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად განახლდა შეფასების პროცესი და შეფასების კრიტერიუმები. ბოლო – მეცხრე რაუნდში, რომელიც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 207 განაცხადი დარეგისტრირდა. განაცხადების შეფასების  პირველი  ეტაპი  ადმინისტრაციული  შემოწმებაა,  როდესაც მოწმდება  აპლიკანტის შესაბამისობა  კონკურსის  სახელმძღვანელოს მოთხოვნებთან. ხარისხობრივი შეფასების ეტაპზე 201 განაცხადი გადავიდა, რაც გულისხმობს, ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ განაცხადის შეფასებას წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით. ხარისხობრივ შეფასებაში ქართული მხარე არ მონაწილეობს და განაცხადების შეფასება სრულად ხდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ამერიკელი ექსპერტების მიერ. ამ შემთხვევაში, GITA აქვეყნებს იმ შედეგებს, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები ასახავენ გრანტების პორტალზე.
თითოეულ განაცხადს მინიმუმ ორი ექსპერტი აფასებს. შეფასების პროცესის პირველ ეტაპზე  ორივე  ექსპერტი  დამოუკიდებლად  იღებს გადაწყვეტილებას განაცხადისთვის მისანიჭებელი ქულების შესახებ, რის შემდგომაც ვალდებულები  არიან, ერთმანეთთან  შეაჯამონ შედეგები,  განიხილონ განსხვავებები, შეთანხმდნენ საბოლოოდ მისანიჭებელ ქულებსა და კომენტარებზე. თუ კონსესუსის მიღწევა ორ ექსპერტს შორის ვერ ხერხდება, შემფასებელი კომპანია ვალდებულია, შეფასების პროცესში ჩართოს  მესამე  ექსპერტი  და  საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით.
შეფასების პირველი ეტაპის შედეგების საფუძველზე უკვე ფინალისტი აპლიკანტების გამოვლენა ხდება. ყველაზე მაღალი ქულების მქონდე 50 განაცხადი ფინალში გადადის, სადაც ზეპირი ინტერვიუები ტარდება გამარჯვებულების გამოსავლენად. ინტერვიუებს ატარებს საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტი. სააგენტო არც ამ შეფასებაში იღებს მონაწილეობას.  მხოლოდ  კომიტეტეის  სხდომებს  აორგანიზებს, უზრუნველყოფს ინტერვიუების ვიდეოგადაღებას და და ახდენს სოციალური ქსელების მეშვეობით ინტერვიუების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშნველოვანი კომპონენტია, როცა ყველა ფინალისტი სტარტაპი მონაწილეობს  7 დღიან  ქოუჩინგ  სესიაში,  რაც გულისხმობს,  საინვესტიციო კომიტეტის წევრების მსგავსი ბექრაუნდის მქონე ინვესტორების საქართველოში მოწვევას. ამ შემთხვევაში მათ ამერიკიდან სილიკონის ველიდან ვიწვევთ, რომლებიც ფინალისტ აპლიკანტებს ინვესტორებთან შესახვედრად ამზადებენ ინტენსიურ რეჟიმში.
ყველა ფინალისტი კონკრეტულ რეკომენდაციებს და შეფასებებს იღებს ტრენერებისგან, რაც მათ ეხმარებათ ბიზნეს მოდელის დახვეწაში და ინვესტორთან შევედრისთვის უკეთ მომზადებაში. ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ  სტარტაპების  უმრავლესობა ხაზს უსვამს ტრენინგის მნიშვნელობას და აღნიშნავს  რომ  ასეთი  მაღალი  დონის  ტრენინგში მონაწილეობა საქართველოში არასდროს მიუღიათ.
ბოლო ეტაპი უკვე არის საინვესტიციო კომიტეტის წევრებთან ინტერვიუები, რის საფუძველზეც. კომიტეტი გამარჯვებულ სტარტაპებს ავლენს.
7 ნოემბერიდან – 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება ქოუჩინგ სესიები. 2 დეკემბრიდან  4 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილია  ფინალური ინტერვიუების ორგანიზება, რომლის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება განხორციელდება სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა თვალი მიადევნოს ინტერვიუების პროცესს. ხოლო 4 დეკემბერს საღამოს საინოვესტიციო კომიტეტი გამარჯვებულებს გამოავლენს.” – აღნიშნავს გიორგი ბაგაშვილი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 17 აგვისტოს მეცხრედ გამოაცხადა. გამარჯვებულ  სტარტაპებს შესაძლებლობა  ექნებათ,  თავიანთი  კომპანია  უფრო  წარმატებული  გახადონ  და პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა შეძლონ.

  • ტეგები
  • GITA
წინა სტატიადაიწყო Steam-ის ბეტა ტესტირება Chrome OS პლატფორმისთვის
შემდეგი სტატიაNetflix-ი აბრუნებს Stranger Things: Puzzle Tales თამაშს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი