ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით გურჯაანის ტექნოპარკში 26 და 27 ნოემბერს პროექტი “Smart Toys MakeaThon” ჩატარდება.

პროექტის მიზანი საქართველოში წარმოებულ სათამაშოებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ელემენტების დანერგვაა.
მასში მონაწილეობა შეუძლიათ ქვეყნის მასშტაბით სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს, ასევე ინჟინერიით, პროგრამირებითა და დიზაინით დაინტერესებულ პირებს და 16 წლიდან მსურველებს, ვისაც სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ.

ორი დღის განმავლობაში მენტორები მონაწილეებს საკუთარი იდეების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარებიან.
პროექტის დემო დღე 27 ნოემბერს გაიმართება, სადაც მონაწილეების იდეებს, პროტოტიპებს, შექმნილ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სათამაშოებს ჟიური შეაფასებს.
“ნავიგატორთან” საუბრისას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ფაბლაბის პროექტების მენეჯერი მარიამ ვარდიძე აღნიშნავს, რომ ჯიტა მსგავს ჰაკათონებს რეგიონებში ხშირად მართავს.

“ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საკმაოდ ხშირად ატარებს ჰაკათონებს. გურჯაანში “ღVINOთონის” ჰაკატონით დავიწყეთ. ღვინის თემატიკაზე კონკრეტული ამოცანები იყო მოცემული, რომლებზეც მონაწილე გუნდები მუშაობდნენ. გამარჯვებულ გუნდს კონკრეტული პრიზი გადაეცა, რომლითაც თავიანთი იდეის დახვეწა და გაუმჯობესება შეეძლოთ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 ტექნო პარკია, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, კასპში, ბათუმში, ზუგდიდსა და ოზურგეთში. ყველა ტექნო პარკში ჰაკათონია დაგეგმილი.
ამ შემთხვევაში, გურჯაანში Smart Toys Makethon-ს ვაკეთებთ, სადაც მონაწილეები სათამაშოების “გასმარტებაზე” ანუ გაჭკვიანებაზე იმუშავებენ, რათა ბაზარზე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი, განახლებული სათამაშოები შექმნან.
ქვეყნის მასშტაბით, ტექნოლოგიური მიმართულებით ქართველების მიერ წარმოებული ელექტრონული სათამაშოები შედარებით ნაკლებია. სწორედ ამის ხელშეწყობას ვისახავთ მიზნად. Smart Toys Makethon-ის მიზანია საქართველოს ბაზარზე ქართული სათამაშოების კომპანიები გაჩნდნენ, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციურ და ელექტრონულ სათამაშოებს შექმნიან.
რაც შეეხება მონაწილეობას, მსურველებს დარეგისტრირება ინდივიდუალურად და გუნდურადაც შეუძლიათ. ასევე შესაძლებელია იქვე ადგილზე გუნდებად ჩამოყალიბება.
ღონისძიებაში ჩართვა 16 წლის ზევით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. შეიძლება სათამაშოების კომპანიას სურდეს თავიანთ პროდუქტებზე მუშაობა, ან დაინტერესებულ პირებს შორის ინჟინრები, პროგრამისტები და დიზაინერები იყვნენ, რომლებსაც ამ მიმართულებით შესაძლებლობების მოსინჯვა სურთ.
Makethons-ის პრინციპი ასეთია, ღონისძიების დაწყებამდე, დაახლოებით წინა დღით, კონრეტული ამოცანები გამოცხადდება. სწორედ ამ ამოცანებზეა აგებული ორ დღიანი ღონისძიება. გვეყოლება ტრენერები და მენტორები, ასევე დარგის სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ და მიმართულებას მისცემენ, თუ როგორ შეუძლიათ საკუთარი იდეების დახვეწა. მონაწილეებს ფაბლაბის დანადგარების გამოყენება შეუძლიათ.

ღონისძიების მეორე დღეს, წინასწარ დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე საკუთარი იდეებით და პროტოტიპებით წარსდგებიან. აქედან გამორჩეული გუნდები შეირჩევიან, რომლებსაც ჯიტა ფინანსურად მხარს დაუჭერს, რათა შემდგომ ეს იდეები განხორციელდეს.” – აღნიშნავს მარიამ ვარდიძე.

პროექტი მონაწილეების ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს. გამარჯვებული ფულადი გრანტით დაჯილდოვდება, რათა ღონისძიების ფარგლებში შექმნილი პროტოტიპის განვითარება შეძლოს.
პროექტი გურჯაანის ტექნოპარკის, თელავის ტექნოპარკის, ახმეტის ინოვაციების ცენტრის, ფაბლაბ ტექნოპარკისა და კომპანია ,,ქლევერტონის” ორგანიზებით ხორციელდება.
რეგისტრაცია 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წინა სტატიაSamsung Galaxy სმარტფონებზე Back Tap ფუნქცია დაამატა
შემდეგი სტატიაროდის გამოუშვებს Apple მზის ენერგიაზე მომუშავე AirPods-ს?

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი