კომპანია VRex-ს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ცოტა ხნის წინ მის თავს ერთი კარგი ამბავი მოხდა, იგი Startup Boot Camp-ის კონკურსის ერთ-ერთი რჩეული გახდა. VRex-ის პროექტი, რომელიც ტურისტული ობიექტების ვირტუალური რეალობის მეშვეობით პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მიმდინარე წლის ბოლომდე სოლიდური დაფინანსების მოპოვებას შეეცდება. ჩვენ კომპანიის დამფუძნებლებს შევხვდით და მათი წარმატების შესახებ გავესაუბრეთ.
ნიკა როსტომაშვილი: „Startup Boot Camp-ი გახლავთ სტარტაპების აქსელერატორების ქსელი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს პერსპექტიულ დამწყებ კომპანიებს მათში ინვესტიციის განხორციელებისა და მათი იდეების კომერციალიზაციისთვის. ამის შემდეგ იგი სარგებელს ნახულობს, მაგალითად, აქციების გამოშვებით, ან ამ სტარტაპებში საკუთარი წილის მიყიდვით მსხვილ კომპანიებზე და ა.შ. აღნიშნულ აქსელერატორს კომერციული წარმატების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს, ამიტომაც აქ მოხვედრა ყველა სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ შერჩევა ძალიან მკაცრად ხდება. ჩვენ ამ კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში გავიცანით, გავიარეთ გასაუბრება, შევავსეთ მათი სააპლიკაციო ფორმა 850 კომპანიის მსგავსად მთელი მსოფლიოდან. ამის შემდეგ მოვხდით საუკეთესო 25-ეულში და მიგვიწვიეს სტამბულში გასაუბრების მომდევნო ეტაპზე. იქ უკვე სკურპულოზური შერჩევის შედეგად საუკეთესო ათეულში აღმოვჩნდით და ვართ პირველები საქართველოდან, ვინც Startup Boot Camp-ის აქსელერაციის პროგრამას გაივლის.“
ნიკოლოზ გოგოჭური: „Startup Boot Camp-ს სტარტაპების შერჩევის რამდენიმე კრიტერიუმი აქვს, კერძოდ, რამდენად ექვემდებარება სტარტაპი ზრდას, როგორ რეაგირებს იგი მენტორშიფზე, რამდენად შეესაბამება იდეა გუნდის უნარებს და რამდენად მასშტაბირებადია თავად პროექტი. მათთვის ჩვენი იდეა, ერთი შეხედვით, კონტენტზე იყო დაფუძნებული და ფიქრობდნენ, რომ მასშტაბირება უჭირდა (რაც უფრო მეტი კონტენტი უნდა გააკეთო, ხალხიც მეტი გჭირდება), მაგრამ ჩვენ იმ რამდენიმედღიანი შეხვედრების დროს მოვახერხეთ დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი იდეის მასშტაბირება სირთულეს არ წარმოადგენს. იდეა არის შემდეგი – ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ვირტუალური რეალობის და 360°-იანი ვიდეოების გაკეთება და მათი მოქცევა სპეციალურ პლატფორმაზე, ანუ ჩვენ პოტენციურ ტურისტებს ვეხმარებით შეარჩიონ ადგილები სამოგზაუროდ (ამჟამად თურქეთის ტურისტული პოტენციალის ასახვა მოგვიწევს).“
ნიკა როსტომაშვილი: „აქსელერაცია იწყება 1 აგვისტოს და სრულდება 1 ნოემბერს. ამ დროის განმავლობაში ჩვენი 6-კაციანი გუნდი ინტენსიურად იმუშავებს მენტორებთან სხვადასხვა დიდი კომპანიიდან, მაგალითად, Amazon-იდან, Google-დან და ა.შ. ისინი შეეცდებიან დაგვეხმარონ იმის მიგნებაში, რაც ჩვენს სტარტაპს სჭირდება. აქსელერაცია პირობითად სამ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ნაწილი არის პროტოტიპზე მუშაობა, მეორე – პროტოტიპის მარკეტინგი, მესამე – გაშვება და მომხმარებლების მოზიდვა.“
ნიკოლოზ გოგოჭური: „იმ შემთხვევაში, თუ გავზრდით მომხმარებლების რაოდენობას და მენტორებს დავანახებთ ჩვენი პროექტის განვითარების დინამიკას, გავალთ ე.წ. Demo Day-ზე. ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელზეც ჩამოყავთ ძალიან სერიოზული ინვესტორები (მაგალითად, შარშანდელი Startup Boot Camp-ი დასრულდა იმით, რომ Demo Day-ს ბიუჯეტმა 10 მილიონი დოლარი შეადგინა). წარმატებული პრეზენტაციის შემთხვევაში შანსი მოგვეცემა ბიუჯეტის ნაწილის ათვისებისა ინვესტიციის სახით. იმედი გვაქვს, რომ ეს წარმატება დაგვეხმარება საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაშიც, გამოგვიჩნდებიან პარტნიორები, რომლებსაც უკვე 2 წელზე მეტია უშედეგოდ ვეძებთ ჩვენს ქვეყანაში, და ერთობლივი ძალებით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევძლებთ ბევრი კარგი საქმის კეთებას.“