საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის  ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას  “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან აერთიანებს.
სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიების გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე.
გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი.  დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით. ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი “სილქნეტისა” და მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია.
“სილქნეტი” Orange Alliance-ის წევრია, რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიების განვითარებასა და მათი სამუშაო ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს და  მათ საშუალებას აძლევს მსოფლიო კლასის წამყვანი ოპერატორის გამოცდილებითა და  ტექნოლოგიებით ისარგებლონ.
„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, “სილქნეტის” ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით.
“გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს.
გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი” – განაცხადა „სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა. “ჩვენ მივესალმებით „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“მაღალი პროფესიონალიზმით და  კორპორატიული კულტურით გამორჩეული გუნდების შეერთებას. ეს გარიგება აგრძელებს ჩვენი ჯგუფის მრავალწლიან ტრადიციას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.”
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.
კომპანიებმა „ჰულიჰან ლოკი“ (Houlihan Lokey) და „ერნეჰოლმ ჰასკელ“ (Erneholm Haskel) სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს, ხოლო კომპანია „დენტონსი“ (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.
სილქნეტის შესახებ
„სილქნეტმა“ ფუნქციონირება 2010 წლიდან დაიწყო რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად. „სილქნეტი“ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს ფიქსირებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) და ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებას ისევე, როგორც ფიქსირებულ და მობილურ CDMA სერვისებს. 2015 წლიდან სილქნეტი მომხმარებელს 4G LTE ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებას სთავაზობს და დღესდღეობით რეგიონში უმსხვილესი საბითუმო ოპერატორია. 2017 წლის აგვისტოში კომპანიამ პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები.
„სილქნეტი“1997 წელს გიორგი რამიშვილის მიერ დაარსებული „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიაა. „სილქ როუდ ჯგუფის“ აქციონერები არიან გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია  და დევიდ ბორგერი. „სილქ როუდ ჯგუფი“ არის ერთ-ერთი მოწინავე კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ოპერირებს კავკასიასა და ცენტრალური აზიაში, ხოლო საქართველოში იგი წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სატრანსპორტო, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის, სატელეკომუნიკაციო და სხვა.
დღესდღეობით „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებში დასაქმებულია დაახლოებით 5,000 ადამიანი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, „სილქ როუდ ჯგუფმა“ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.
წყაროSilknet
წინა სტატიაBLUBOO D5-ის ფასი $100-ზე ნაკლები იქნება
შემდეგი სტატიაAndroid-ზე Windows აპლიკაციების გაშვება გახდა შესაძლებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი