Apple-მა ოფიციალურად წარმოადგინა ახალი თაობის ARM პროცესორები M1 Pro და M1 Max, რომლებიც უახლეს MacBook Pro სერიის ნოუთბუქებშია გამოყენებული. ახალი ჩიპები M1 ჩიპის გაუმჯობესებულ ვარიანტებს წარმოადგენენ, რომლებიც შარშან უკვე MacBook Air, iMac 2021-სა და iPad Pro-ში იყო გამოყენებული.
თავიდანვე გასაგები იყო, რომ M1 მხოლოდ საწყისი და საშუალო დონის კომპიუტერებისთვის გამოდგებოდა, ხოლო ფლაგმანურ მოდელებში უფრო მძლავრი ჩიპი იყო საჭირო. ახლა უკვე Apple-ს აქვს ნამდვილად მძლავრი პროცესორიები, რომლებიც Intel-ის ჩიპებს მართლა ჩაანაცვლებენ კომპანიის ყველა პროდუქტში.
Apple ამბობს, რომ M1 Pro 70%-ით უფრო წარმადგია CPU-ში და 2-ჯერ მძლავრია GPU გამოთვლებში ვიდრე M1. მის შემადგენლობაშია 8 მაღალი წარმადობის და 2 ენერგოეფექტური გამოთვლითი ბირთვი, ასევე 16 გრაფიკული ბირთვი 2048 გამომთვლელი ბლოკით. M1 Pro აღჭურვილი იქნება 32 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერებით, რომელიც ასევე ჩიპშია ჩაშენებული. მეხსიერების გამტარუნარიანობა 200 გიგაბაიტია წამში. M1 Pro-ს 33,7 მილიარდი ტრანზისტორი აქვს.
M1 Max ყველაზე მძლავრი პროცესორია, რომელიც Apple-მა წარმოადგინა. მას 64 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება აქვს და მისი გამტარუნარიანობა 400 გიგაბაიტია წამში. გრაფიკული პროცესორი 32 ბირთვიანია და 4096 გამომთვლელი ბლოკი აქვს. კოონფიგურაცია M1Pro-ს მსგავსია: 8 მაღალი წარმადობის და 2 ენერგოეფექტური ბირთვი. M1 Max-ს 57 მილიარდი ტრანზისტორი აქვს.
Apple ამბობს, რომ M1 Pro და M1 Max საშუალებას იძლევა მივიღოთ 1,7-ჯერ მეტი წარმადობა M1-თან და სხვა მწარმოებლების ნოუთბუქებში გამოყენებულ პროცესორებთან შედარებით. ორივე პროცესორი 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესითაა დამზადებული.