ინსაიდერებმა გაარკვიეს, რომ Apple მუშაობს ტანსაცმელზე დასამაგრებელ AI მოწყობილობაზე, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები ენობრივ მოდელთან კომუნიკაციას შეძლებენ. აღინიშნება, რომ რელიზი 2027 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა კომპანია ცდილობს დააჩქაროს შემუშავების პროცესი, რათა კონკურენტების მსგავსი გაჯეტების ტალღას არ ჩამორჩეს.
წყაროების თანახმად, მოწყობილობა AirTag-ის მსგავსი იქნება, თუმცა ოდნავ სქელი. დევაისი აღჭურვილი იქნება ორი კამერით (ფართოკუთხიანი და ჩვეულებრივი), სამი მიკროფონისგან შემდგარი სისტემით, მართვის ღილაკითა და მუხტის ინდიკატორით. სავარაუდოდ, მოწყობილობა სმარტფონთან წყვილში იმუშავებს. მომხმარებელი შეძლებს გაჯეტის ტანსაცმელზე დამაგრებას და ნებისმიერ დროს ნეიროქსელისთვის კითხვის დასმას, მოქმედების შესრულების თხოვნას ან კალენდარში გეგმების შეტანას.
მოსალოდნელია, რომ მოწყობილობების პირველი პარტია დაახლოებით 20 მილიონ ერთეულს შეადგენს. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება კონფიდენციალურობისა და უნიკალური შესაძლებლობების საკითხები. მაგალითად, Apple-ს უკვე აქვს Apple Watch, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო ენობრივ მოდელთან კომუნიკაციის უნივერსალური ინტერფეისი. გარდა ამისა, თუ გაჟონილი ინფორმაციის თანახმად მოწყობილობა მხოლოდ Apple-ის ეკოსისტემასთან იმუშავებს, ეს მომხმარებლებისთვის დამატებით ფინანსურ ბარიერს შექმნის.
კომპანია ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს ინსაიდერების ინფორმაციაზე.